ფეხბურთი

1:49 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის "ემპოლის" და დავითაშვილის "სენტ ეტიენის" მარცხი

იტალიის სერია A-ს მე-16 ტური „ემპოლის“ და „ტორინოს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც ტურინელებმა 1:0 მოიგეს.

მოსაწყენ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჩე ადამსმა გაიტანა, რომელმაც 70-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გადაწყვიტა კარში დარტყმა და კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. რომ არა, ეს არაორდინალური მოქმედება, მატჩი უგოლოდ დასრულდებოდა და ლოგიკურადაც.

საბა გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ისევ უშეცდომოდ, 90-ე წუთზე კი, შემტევით შეცვალეს, როცა ტოსკანელები გათანაბრებას ცდილობდნენ. ქართველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ემპოლი“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 დეკემბერს, ბერგამოს „ატალანტას“ ესტუმრება.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ „ტულუზთან“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა.

„მწვანეები“ 53-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ისევ წააგეს. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 76-ე წუთამდე იყო, როცა 1:1-ზე შეცვალეს. დავითაშვილის აქტივში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი, 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„სენტ ეტიენი“ 13 ქულით მე-16 ადგილზეა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „რეიმსს“ უმასპინძლებს.

0.148001