საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე E ჯგუფში მოხვდა, სადაც თურქეთს, ბულგარეთს და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
2025 წლის მარტში გაირკვევა, ვილი სანიოლის გუნდი მეტოქე ესპანეთი იქნება თუ ნიდერლანდები, ნებისმიერ შემთხვევაში, საჩუქარი არცერთია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ყველა ხსენებულ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან გამოკვეთილი უარყოფითი ბალანსი აქვს.
ნიდერლანდები - 1 მატჩი, 1 მარცხი
საქართველო ნიდერლანდებს აქამდე ერთხელ, 2021 წლის 6 ივნისს, ენსხედეში შეხვდა, ამხანაგურ მატჩში და 0:3 დამარცხდა.
ესპანეთი - 8 მატჩი, 1 მოგება, 7 მარცხი
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 2012 წლამდე ნათამაშები არ ჰქონდა, ბოლო 12 წელიწადში კი, 8-ჯერ შეხვდა და შეიძლება წინ კიდევ ორი მატჩი იყოს.
საქართველოს ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს „ფურია როხასთან“, რომელიც ერთადერთხელ დაამარცხა, 2016 წლის 7 ივნისს, მადრიდში, ამხანაგურ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით - 1:0. დანარჩენი 7 მატჩი ესპანელებმა მოიგეს.
მათ შორის, ბოლო ევრო 2024-ის მერვედფინალში 4:1. ასევე, ესპანეთმა გაიმარჯვა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე (7:1, 3:1), 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე (2:1, 4:0) და 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე (1:0, 2:0).
თურქეთი - 6 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება
თურქეთთან აქამდე იყო 6 მატჩი, საიდანაც მეტოქემ ოთხჯერ გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე - 3:1. თურქებმა ორჯერ ამხანაგური მატჩი მოიგეს 2002 წელს - 3:0 და 2012 წელს - 3:1, ხოლო ერთხელ 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში - 5:2.
საქართველომ თურქეთი 2007 წლის 7 თებერვალს, თბილისში, სპარინგში, დავით სირაძის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო 2004 წლის 4 სექტემბერს, ტრაბზონში, 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეს დაუზავდა - 1:1.
ბულგარეთი - 8 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება
ბულგარეთს საქართველო აქამდე 8-ჯერ შეხვდა და 2-ჯერ დაამარცხა. ბოლოს მათი გზები 2022 წლის ივნისში, ერთა ლიგის C დივიზიონში გადაიკვეთა, სადაც საქართველომ სტუმრად 5:2 მოიგო, თბილისში კი, უგოლო ფრე დაფიქსირდა. კიდევ ერთი გამარჯვება ქართველთა აქტივში 1995 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება, როცა თბილისში, 2:1 მოიგეს ევრო 1996-ის შესარჩევ ეტაპზე. იყო კიდევ ერთი ფრე, 2008 წელს, 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე - თბილისში 0:0. ბულგარეთმა გაიმარჯვა ევრო 96-ის შესარჩევში 2:0, 2010 წლის მუნდიალის შესარჩევში 6:2 და ორჯერაც ამხანაგურ შეხვედრაში (6:2 – 2005 წელს და 4:1 – 2021 წელს).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.
თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.