ფეხბურთი

19:52 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "რთული იქნება, მაგრამ მიზანია, რომ მინიმუმ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მეორე ადგილისთვის მაინც იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ძალიან რთულია.

"რა თქმა უნდა რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.

0.115299