ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია ილიევმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა.
როგორც მან თქვა, რთული ჯგუფია, მაგრამ მატჩებს შიშით არ უნდა მიუდგნენ და დადებითი განწყობა უნდა შეინარჩუნონ:
„პირველ მატჩებამდე ბევრი დრო გვაქვს, ჯერ ერთა ლიგის პლეი-ოფში ირლანდიასთან უნდა ვითამაშოთ. რამდენიმე ისეთ გუნდთან მოგვიწევს თამაში, რომლებიც აღმავლობას განიცდიან, თურქეთსა და საქართველოს ძლიერი თაობა ჰყავთ, ესპანეთსა და ნიდერლანდებზე სალაპარაკოც არაფერია.
დადებითად უნდა შევხედოთ, 6-7 თვეა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, უნდა მოვუმატოთ. მახსოვს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე ამბობდნენ, თუ როგორ ადვილ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ, 4 ქულით ბოლო ადგილზე გავედით. მნიშვნელოვანია, რომ ის შეცდომები არ დავუშვათ, რაც აქამდე დავუშვით. თუ მოედანზე შიშით გავალთ და საშინელ შედეგებზე ვისაუბრებთ, ეს ჩვენთვის კარგი არ იქნება“, - თქვა ილიევმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.
თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.