ევროპა ლიგის მეექვსე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გერმანელები მე-18 წუთზე დაწინაურდნენ, რასაც 10 წუთში რაიან შერკიმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ოთხწუთიან ინტერვალში მალიკ ფოფანამ და ერნესტ ნუამამ „ლიონს“ ორბურთიანი უპირატესობა მოაპოვებინეს. სტუმრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს.
გიორგი მიქაუტაძე თამაშში მხოლოდ 82-ე წუთზე ჩაერთო და ზუსტად ერთ წუთში შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„ლიონი“ ევროპა ლიგაზე 6 ტურში მოპოვებული 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 23 იანვარს, სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება.
ლატვიური რფს სტუმრად თელ ავივის „მაკაბისთან“ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ლაშა ოდიშარიამ 77-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლუკა სილაგაძე მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა. რფს 2 ქულით 34-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში „აიაქსს“ უმასპინძლებს.