„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა და თავისი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო იყო.
„არ შემიძლია კმაყოფილი ვიყო იმ თამაშით, რომელიც გუნდმა აჩვენა. მთავარი იყო გამარჯვება, სატურნირო ცხრილში კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ დავიღალე სხვადასხვა საკითხებთან ბრძოლით, თამაშით კმაყოფილი არ ვარ.
გუნდს უნდა დაველაპარაკო, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. საქმე მხოლოდ ტექნიკას ან ტაქტიკას არ ეხება, ასეთ გადამწყვეტ მატჩში ბოლომდე არ დაიხარჯო და ყველაფერი არ გააკეთო გამარჯვებისთვის, ამის ნახვა ყველაზე ცუდი რამ არის.
პრობლემა ისაა, რომ არასტაბილურები ვართ: დღეს კარგია, ხვალ არ ვიცი, ეს ჰგავს მონეტის აგდებას, როცა არ იცი, რომელი მხარე დაჯდება. ყოველდღე ვმუშაობ, რომ გუნდი მოვამზადო, მაგრამ არ ვიცი, გუნდში ყველა იგივეს აკეთებს თუ არა“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს მოპოვებული.