შვედეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს მიმართ, რომელსაც გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს.
ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება, რომ საქმე მტკიცებულებების უქონლობის გამო დაიხურა. აღსანიშნავია, რომ თავად მბაპესთვის არ უცნობებიათ, რომ დანაშაულის ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი.
„2024 წლის 10 ოქტომბერს სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე სასტუმროში მომხდარი გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ორ საქმეზე გამოძიება დახურულია“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურის პრესრელიზში.
14 ოქტომბერს შვედეთის პოლიციამ დაიწყო გამოძიება გაუპატიურების საჩივარზე, რომელიც სავარაუდოდ სტოკჰოლმის სასტუმროში მოხდა, სადაც 25 წლის ფეხბურთელი იმ დროს ისვენებდა. დაშავებული ქალი მომხდარში მბაპეს ადანაშაულებს.