ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც შედეგიანი და საინტერესო გამოდგა.
მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოახერხა გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. კარლო ანჩელოტის გუნდმა რთული საგარეო მატჩი მოიგო დიდებულ ფორმაში მყოფ „ატალანტასთან“ – 3:2. მატჩის დასაწყისში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, რომელიც მალევე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ბერგამოელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე ვინისიუსმა და ჯუდ ბელინგემმა ორჯერ გაიტანეს. მასპინძლებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ ადემოლა ლუკმენის გოლით ჩამორჩენა შეამცირეს. „რეალს“ 6 ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ზალცბურგს“ უმასპინძლებს, „ატალანტას“ აქტივში 11 ქულაა და წინ გრაცის „შტურმთან“ საგარეო მატჩი აქვს.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გელზენკირხენში, „შახტართან“ საგარეო შეხვედრა ადვილად, 5:1 მოიგო. უკრაინელები მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ კლასში სხვაობა უდიდესი იყო და ვენსან კომპანის გუნდმა ძალიან მარტივად გაიმარჯვა. ირაკლი აზაროვი სათადარიგო სკამზე დარჩა. „ბაიერნს“ 12 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში „ფეიენოორდს“ ესტუმრება. „შახტარის“ აქტივში მხოლოდ 4 ქულაა და წინ „ბრესტთან“ მატჩი ელოდება.
დებიუტანტი „ბრესტი“ სეზონის მთავარი აღმოჩენაა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად შინ პსვ ეინდჰოვენთან 1:0. ფრანგულ გუნდს უკვე 13 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. პსვ-ს მონაგარი ამ დროისთვის 8 ქულაა, მომდევნო ტურში კი, „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრება.
„ლევერკუზენმა“ ნორდი მუკიელეს გვიანი გოლით მილანის „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. ჩაი ალონსოს გუნდს უკვე 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „ატლეტიკოს“ ესტუმრება. „ინტერმა“ პირველად წააგო და პირველი გოლი გაუშვა, მასაც 13 ქულა გააჩნია, მომდევნო მატჩს პრაღაში, „სპარტასთან“ გამართავს.
როგორც იქნა, მოიგო „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელმაც გასვლაზე ადვილად, 3:0 სძლია „ზალცბურგს“, რაც მოსალოდნელი იყო. ფრანგულ გუნდს ჯერ მხოლოდ 7 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს, ასე რომ, რთულ მდგომარეობაში რჩება. „ზალცბურგი“ 3 ქულის ამარადაა და გაუჭირდება პლეი-ოფში მოხვედრა, თან მომდევნო მატჩი მადრიდში, „რეალთან“ ელოდება.
ბირმინგემის „ასტონ ვილაც“ შესანიშნავად გამოდის, რომელმაც „ლაიფციგს“ გასვლაზე 3:2 მოუგო. გერმანელებმა ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ. უნაი ემერის გუნდს 13 ქულა აქვს, მომდევნო ტურში „მონაკოს“ ესტუმრება. „ლაიფციგმა“ ექვსივე თამაში წააგო და უქულოდაა, მომდევნო ტურში „სპორტინგს“ უმასპინძლებს.
„სპორტინგს“, რომელიც რუბენ ამორიმის ხელში ბრწყინავდა, მისი წასვლის შემდეგ კი, ყველასთან და ყველგან აგებს. პორტუგალიური გუნდი ამჯერად სტუმრად „ბრიუგესთან“ დამარცხდა. „სპორტინგს“ 10 ქულა აქვს. „ბრიუგეს“ მონაგარიც 10 ქულაა და მომდევნო ტურში „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
„ლივერპულმა“, რომელსაც ქულათა მაქსიმალური მონაგარი აქვს (18), უკვე გაინაღდა ტოპ 8-ში და შესაბამისად, მერვედფინალის საგზური.
პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა „ლაიფციგმა“, რომელიც უქულოდაა.
„ატალანტა“ – „რეალი“ 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 მბაპე (10), 1:1 დე კეტელარე (45, პენ), 1:2 ვინისიუსი (56), 1:3 ბელინგემი (59), 2:3 ლუკმენი (65)
„ლევერკუზენი“ – „ინტერი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მუკიელე (90)
„ბრესტი“ - პსვ ეინდჰოვენი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლე კარდინალი (43)
„ბრიუგე“ – „სპორტინგი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 კატამო (3), 1:1 კვარეჟმა (24, ა.გ), 2:1 ნილსენი (84)
„ლაიფციგი“ – „ასტონ ვილა“ 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 მაკგინი (3), 1:1 ოპენდა (27), 1:2 დურანი (52), 2:2 ბაუმგარტნერი (62), 2:3 ბარკლი (85)
„ზალცბურგი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 რამოში (30), 0:2 მენდეში (72), 0:3 დუე (85)
„შახტარი“ – „ბაიერნი“ 1:5 (1:2)
გოლები: 1:0 კევინი (5), 1:1 ლაიმერი (11), 1:2 მიულერი (45), 1:3 ოლისე (70), 1:4 მუსიალა (87), 1:5 ოლისე (90)