„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მიუხედავად რთული სეზონისა, ისტორიის მიხედვით „იუვე“ იტალიის საუკეთესო გუნდია და მსგავს მატჩებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.
„იუვენტუსი“ იტალიაში საუკეთესო გუნდია, თავისი ისტორიით. ისინი შეჩვეული არიან მაღალი წნეხის ქვეშ თამაშს. ტიაგო მოტამ „ბოლონიაში“ განსაკუთრებულად იმუშავა, მას დრო სჭირდება და ვფიქრობ, შედეგს მიაღწევს. მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩს. „იუვენტუსის“ მიმდინარე სეზონზე ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ბოლო 2-3 მატჩი ვნახე, მაგრამ ვფიქრობ, სწორ გზაზე არიან. პირველ სეზონში მუშაობა ადვილი არაა, „სიტიში“ პირველ სეზონში ვერაფერი მოვიგე, მაგრამ ნდობა გამომიცხადეს და შემდეგ ისტორია დავწერეთ.
ჩვენს კრიზისს ბუნებრივად ვიღებ, ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მალე ამ სიტუაციიდან გამოვალთ. კრიზისი ყველა გუნდშია. ფოდენი? არ მგონია, ითამაშოს, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე წუთი. მთავარია, ვარჯიშს დაუბრუნდა, აკანჯის უფრო მეტი დრო და რამდენიმე მატჩი კიდევ სჭირდება დასაბრუნებლად“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და ექვსჯერ დამარცხდა. გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს, ისევე, როგორც „იუვენტუსს“.