„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს შეთავაზებები უცხოეთიდანაც ჰქონდა, მაგრამ მისი სურვილი საფრანგეთში დარჩენა და „ლიონში“ დაბრუნება იყო.
„მქონდა შეთავაზებები საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ ჩემი სურვილი იყო საფრანგეთში დავრჩენილიყავი, მეორე სურვილი იყო ლიონში დაბრუნება. იმედგაცრუება იყო, როცა „ლიონიდან“ გამიშვეს, რადგან ჩემი ოცნება გახლდათ აქ თამაში, მაგრამ გავაგრძელე მუშაობა და ამან შედეგი გამოიღო“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაზე ოთხ თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში მას ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, რომელიც იანვარში ფორვარდის დამატებას აპირებს და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი სწორედ ქართველი ფეხბურთელია. „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და 20 მილიონ ევროდ შეიძლება გარიგება შედგეს.