მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში მისი არყოფნის მიზეზი მხოლოდ დიდიე დეშამმა იცის და ჟურნალისტებმა ამის თაობაზე შეკითხვები მას უნდა დაუსვან.
„საფრანგეთის ნაკრები საერთაშორისო ფეხბურთში ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო და ჩემი სიყვარული ნაკრების მიმართ არ შეცვლილა. დიახ, მენატრება, მაგრამ სექტემბერში მწვრთნელს ვთხოვე არ გამოვეძახებინე. რატომ? მადრიდში ახალი გადასული ვიყავი და ყველაფერი კარგად არ წავიდა.
ოქტომბერში არ ვიყავი ნაკრებში, რადგან ტრავმა მქონდა. მე არ ვყოფილვარ დისკუსიებში ჩართული, კლუბმა და ნაკრებმა ისაუბრეს, ბოლოს მწვრთნელმა მითხრა, რომ უკეთესი იყო არ გამოვეძახებინე.
ნოემბერზე საუბარი კი არ შემიძლია, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, რასაც პატივს ვცემ. ის იღებს გადაწყვეტილებებს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მინდოდა ნაკრებში ყოფნა, მაგრამ არ გამომიძახეს, რატომ? ეს დეშამს ჰკითხეთ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების წევრი 2017 წლიდანაა, მას შემდეგ კი, 86 მატჩში 48 გოლი გაიტანა, 35 საგოლე პასი გააკეთა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.