ფეხბურთი

2:45 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "უკმაყოფილო არ ვარ, სწორ გზაზე ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლაციოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, არც იმედგაცრუებულია და არც უკმაყოფილო, რადგან მისი გუნდი სწორ გზაზეა.

„დღევანდელმა მატჩმა ნათლად აჩვენა, რომ გზა, რომელსაც მივყვებით, სწორია. ჩვენი მიზანია გავაკონტროლოთ მატჩები და მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ, რა თქმა უნდა, შეტევის დასკვნით ფაზაში მოსამატებელი გვაქვს. თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. „ლაციო“ ძალიან კარგი გუნდია, თუმცა მე არც იმედგაცრუებული ვარ და არც უკმაყოფილო. სწორ გზაზე ვართ, ამ გზაზე სიარულისას კი, გარკვეული დაბრკოლებები იყო და მომავალშიც იქნება, ვერ ვიფიქრებთ, რომ მომავალში არ შეგვხვდება დაბრკოლებები, მაგრამ სწორ გზაზე ვართ.

მაღალ პრესინგს თუ თამაშობ, გარდაუვალია, რომ შეიძლება კონტრშეტევებიც მიიღო, ეს ზრდის პროცესის ნაწილია. მირჩევნია აქტიური გუნდი ვნახო, ვიდრე პასიური, რომელიც დაცვაშია და მეტოქეს ელოდება. ჩვენ მუშაობა 5 თვის წინ დავიწყეთ, რომელსაც უკვე აქვს კარგი ნაყოფი, ბევრს ვმუშაობთ”, - თქვა კონტემ.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ახალ ლიდერს, ბერგამოს „ატალანტას“, ხოლო მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „უდინეზეს“ ესტუმრება.

0.117229