მეათე დღეა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძალიან პოპულარული გახდა ერთი რუსული სპორტის სახეობა, რომელიც რამდენიმე სახეობის მიმდევარს აერთიანებს.
ამ სახეობის იდეის ავტორი, რეჟისორი და მთავარი სცენარისტი - ვლადიმერ პუტინი;
საქართველოს მასშტაბით საავტორო უფლებების მქონე - ბიძინა ივანიშვილი;
მსახიობ-შემსრულებლები (სიტყვიერი მხარდამჭერები): კახა კალაძე, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ა.შ. (რა თქმა უნდა, სპორტულ ვებგვერდზე სპორტსმენებზე გვაქვს აქცენტი);
მსახიობ-შემსრულებლები (ტექნიკურად): შავ ფორმებში ჩაცმული და ნიღბიანი ე.წ. პოლიცია და სპეცრაზმი (რეალურად კი, ამოუცნობი კრიმინალები);
სანახაობის მაყურებელ-გულშემატკივარი - პარტია „ქართული ოცნების“ მთელი შემადგენლობა და მათი ამჟამინდელი მხარდამჭერები.
უფრო კონკრეტულად თამაშში მონაწილეობენ:
მსროლელები - ჭარბი რაოდენობის გაზითა და სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერებით ვინც „ამარაგებს“ ხალხს;
მორბენალები - ამ მხრივ, ძირითადად სპრინტერები გამოიყენება, ბავშვების თუ შედარებით ასაკოვანი ხალხის დასაჭერად. მართალია, იყო მარათონის ცალკეული შემთხვევაც (ვაკე-საბურთალოს გზაზე), მაგრამ ეტყობა, ეს სანახაობა ცოტა უფრო ძვირი დაჯდა და ამიტომ დროებით სცენარისტის თანაშემწეებმა ამაზე ხელი აიღეს.
ე.წ. ძალოვანები (უფრო სწორად, ძალის გამოვლენას მოწყურებულები) - პრინციპში აქ ყველას გაერთიანება შეიძლება, ზემოხსენებული მსროლელებითა და მორბენალებით დაწყებული, რობოკოპებით დამთავრებული.
თამაშის წესები: აბსოლუტური უწესობა - გააკეთე რაც გინდა, მოექეცი როგორც გინდა და ურტყი რამდენიც გინდა (მთავარია, რაც შეიძლება მძლავრად და მტკივნეულად).
თამაშის განსაკუთრებული ნაწილია, მიწაზე დაგდებული ადამიანების გამეტებით ცემა, ხოლო ვისზეც გულს ვერ იჯერებენ, შემდგომში მანქანებში ან შესაბამის დაწესებულებებში კიდევ დამატებით ცემა. როგორც ჩანს, ამით პროცესს მეტ სანახაობრივ ელფერს ჰმატებენ, რაშიც ამ სანახაობის „გულშემატკივრები“ მეტ მადლობას და თანხას იხდიან (მიკვირს, ფსონებს რომ არ დებენ, ვინ ვის უფრო მაგრად სცემს).
შიგა და შიგ, სცენარისტები კრეატიულობასაც იჩენენ.
მაგალითად, პროცესი გაამრავალფეროვნეს მეტროშივე ან მეტროდან ახლადგამოსული ადამიანების ადგილზე, ყოველმიზეზგარეშე დაკავებით, მშობლის ხელიდან შვილის გატაცებით და ა.შ.
გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ნიჭს გასაქანი არ აქვს და ეს „კაცები“ საქართველოში უნდა ჩაიკარგონ, რადგან თავიანთი ჩაცმულობისა და ნიღბების გამო, პრაქტიკულად ამოუცნობი სპორტსმენები არიან, არადა, worldsport.ge-ის ინფორმაციით, ბევრი რუსული კლუბი დაინტერესებულა მათგან გამორჩეულების ტრანსფერით, მაგრამ ვერ ცნობენ ნიღბების გამო და რანაირად გაარჩიონ?..
ამ რუსული სახეობის პარალელურად, საქართველოში ჩვეულებრივ ტარდება საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო ტურნირები (ჩემპიონატი იქნება თუ თასი). თითქოსდა, ქვეყანაში მაინცდამაინც განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეტყობა, პაუზის აღებით და პროტესტის გამოხატვით, ძალიან ერიდებიან ერთის მხრივ, ჩემპიონატების/ტურნირების სათამაშო კლასის ხარისხის დაგდებას, მეორეს მხრივ კი, გულშემატკივართა დასწრების შედეგად მიღებული უზარმაზარ შემოსავლებსაც უფრთხილდებიან...
და სერიოზულად რომ ვთქვათ, მაგალითად, ხელოვანები/მსახიობები თუ გაიფიცნენ, ტურიზმის წარმომადგენლებმა და ექიმებმა თუ გამოხატეს პროტესტი, სპორტსმენებს რა გჭირთ? კონკრეტულ ადამიანებს მოგმართავთ, თორემ ფედერაციებისა და მათი ხელმძღვანელობის დალოდებას აზრი რომ არ აქვს, ყველამ ვიცით - მელას კუდის როლში ყოფნას ვერაფრით თმობენ. არადა, ნაცებს დასცინოდნენ, ყველა ფედერაცია დაიქვემდებარესო...
ჩუმადაა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე ბოლო სიახლე 2024 წლის 19 ნოემბრით თარიღდება. ალბათ იმიტომ, რომ ეს რუსული თამაში ოლიმპიური დევიზის ცნობილი სამი სიტყვიდან ორს (სწრაფად, ძლიერად) მაინც პასუხობს და საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონდეთ? ისე მართალია - ცოტაც მოიცადეთ და ამ თამაშის შედეგად უფრო და უფრო ამაღლდებით ხალხის თვალში (ესეც თქვენი მესამე სიტყვა და დევიზიც შეიკვრება - სწრაფად, მაღლა, ძლიერად).
ცალკეულ სპორტსმენთა გამოსვლა (ცინცაძე, არველაძე, ანდრონიკაშვილი... დიდი ბოდიში ყველას რომ ვერ ჩამოვთვლი) ნამდვილად არასაკმარისია, თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა თითოეულ მათგანს, ვინც აქციაზე უკვე გამოვიდა და კიდევ აპირებს გამოსვლას.
P.S. ყველაზე მეტად, რაც ამ მხრივ გულს მტკენს, ეს სპორტულ ჟურნალისტთა დიდი ნაწილის სიჩუმე ან ამ სადისტების მხარეს ყოფნაა, არადა, წინა მთავრობის დროს ერთმანეთს ასწრებდნენ აქტიურობაში... ჰოდა, ვინც დღეს მაინც თვლით, რომ დიქტატურისკენ მივდივართ, ხმა ამოიღეთ, თორემ ჩამოვედით უკვე - რუსულ დეპოში ვართ!