რაგბი

18:33 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | „ოქროს“ ჯგუფებში ლიდერობას ‘ლელო’ და ‘ხვამლი’ აგრძელებს

მე-2 ტურის შემდეგ პირველ ჯგუფს სათავეში მაქსიმალური შედეგით, 10 ქულით ‘ლელო’ უდგას. ჩემპიონმა ორივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო. ასევე 2-2 მოგების მქონე ‘ბათუმი’ და ‘ხარები’ 8 ქულით ლიდერს კვალში უდგანან. ‘ფოთი’ და ‘აკადემია’ ცხრილში მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ. უქულოდ მყოფი ‘წიქარა’ კი ჯგუფის აუტსაიდერად რჩება.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონი ‘ლელო’ და ბრინჯაოსმედალოსანი ‘აკადემია’ დაუპირისპირდნენ. პირველობის მეორე ეტაპს „მხატვრები“ სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. დედაქალაქური დერბიში ‘აკადემიას’ ძირითადის 6 ტრავმირებული მოთამაშე აკლდა, მატჩის მსვლელობისას კი ნიკა ჩიტალაძემ ასევე ტრავმების გამო კიდევ 4 მორაგბე მოისაკლისა. შეხვედრა ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა. ლელო კარგად კომბინირებდა და უხვ დომინანტურ ბოჭვებთან ერთად, დაცვაშიც ხისტად, საიმედოდ ირჯებოდა.

მატჩის დებიუტში შუამარბი კაპიტნის დაჩი იმედაძის გატანილი ჯარიმით ‘აკადემია’ დაწინაურდა, რის შემდგომ ‘ლელო’ დომინირებდა და მეტოქეს მთლიანობაში 5 ლელო გაუტანა, „მხატვრები“ კი კვაჭ ალექსანდრე გამყრელიძის დადებულ ერთადერთ ლელოს დააჯერა. ბექა ყორიაულის შეგირდთა წარმატებას სათავე გუნდის მგეზავი კაპიტნის გიორგი გაბუნიას ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული შუამარბის ტატო ტალახაძის გატანილმა ლელომ დაუსვა. მასპინძელთა ფულბეკმა ნიკა მიქაძემ 5-ივე გარდასახვა გამოიყენა - 35:8.

‘ბათუმი’-‘ფოთის’ ზღვისპირული დერბი კი აჭარის დედაქალაქში გაიმართა. მართალია, მასპინძლები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ, თუმცა მისი რეალიზება გელა ჭოველიძის ბიჭებმა მხოლოდ მეორე ტაიმის შუაწელიდან მოახერხეს. მგეზავ ლუკა ჭაკუასა და ფრთა ლაშა გოგოხიას გარდაუსახავი ლელოთი ტაიმნახევარი ანგარიშში 5 ქულიან უპირატესობას კოლხები ფლობდნენ.

მატჩის დასკვნით მონაკვეთში ბათუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ‘ბათუმი’ ჯერ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელოთი დაწინაურდა, რასაც მხტომელ დათო დევიძის დადებული ლელო მოჰყვა. მასპინძელთა მგეზავი კაპიტნის გიგი აბაშიძის ზუსტმა გარდასახვამ კოლხები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ბათუმმა’ მატჩი 17:8 მოიგო.

‘წიქარა’-რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრა „რაგბი ჭალაში“ გაიმართა. მატჩი დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. შეხვედრის დებიუტში შუამარბ დაჩი კაპანაძის გარდასახული ლელოთი ‘წიქარა’ დაწინაურდა, რის შემდგომ მცირე უპირატესობას ‘ხარები’ დაეუფლა. მარბიელ ლუკა კაზაროვისა და ბურჯ გიორგი ხუმარაძის გატანილი ლელოებით ქვემო ქართლელებმა ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

მეორე ნახევარში შეხვედრის სურათი დიდად არ შეცვლილა და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ‘ხარებს’ მხსნელად მარქაფადან ჩართული შუამარბი ნიკა კვერნაძე მოევლინა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კვერნაძის მიჯრით დადებულმა წყვილმა ლელომ მამუკა მინდორაშვილის გუნდს სეზონში მეორე რთული გამარჯვება მოუპოვა - 31:19.

მეორე ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერობას 10 ქულით ‘ხვამლი’ ინარჩუნებს. ‘არმიამაც’ 2 შეხვედრა მოიგო და მუხიანელებს კვალში 9 ქულით უდგას. 6 ქულით მესამე ადგილზე ‘აიამ’ აინაცვლა, რომელმაც თანაქალაქელ ‘აია 2’-ს 2 ქულით გადაასწრო. უქულოდ მყოფები ‘არმაზი’ და ‘ლოკომოტივი’ ცხრილის ბოლო საფეხურებზე განთავსდნენ.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრამ მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. მუხიანელებმა ქვემო ქართლელებს 5-ით მეტი, 7 ლელო დაუდეს. ‘ხვამლის’ წარმატებას სათავე ბურჯ ლუკა ბარბაქაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა ნიკა ბრეგვაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. მასპინძელთა კვაჭმა ლუკა გორგოძემ „დუბლი“ შეასრულა. დავით ცხვედიანისა და რატი ურუშაძის ბიჭებმა მატჩი ბონუს ქულის თანხლებით მოიგეს - 50:14.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმიას’ ‘აია 2’-მა ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „არმიელები მატჩის პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და თავიანთი უპირატესობა 7 უპასუხო ლელოში ასახეს. მასპინძელთა წარმატებას სათავე შუამარბ ლუკა სუთიძის გატანილმა ლელომ დაუდო. სუთიძემ შემდგომში ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. თენგო ჯინაშვილის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება კი მარქაფადან ჩართული კვაჭის ნოდარ ჩოხელის გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 41:0.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ლოკომოტივის’ შეხვედრის მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა დაძაბული. მატჩის დებიუტში „რკინიგზელები“ ბურჯ დავით ცოფურაშვილის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს კი შუამარბ როლანდ შარაშენიძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

რიონისპირელებმა ტაიმებში მეტოქეს 3-3 ლელო გაუნაწილეს. ‘აია’ ჯერ ფულბეკ მათე ბებიას გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, ხოლო მარქფადან ჩართული მხტომელის თამაზ ივანიაძის დადებული ლელოთი შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში რიონისპირელთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. გაგა სინაურიძის ბიჭები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ და მონაგარს კვაჭ ნიკა გულუას, ფრთა ბექა დეისაძისა და ბურჯ ავთო ჭელიძის გატანილი ლელოები შემატეს. ვიცე-ჩემპიონმა მეორე ეტაპზე თავისი პირველი გამარჯვება პრემიალური ქულით იზეიმა - 36:12.

0.115568