ტურინის „იუვენტუსი“ ფრანსისკო კონსეისაოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას აპირებს.
„იუვემ“ 21 წლის პორტუგალიელი შემტევი გასულ ზაფხულს „პორტუდან“ ერთწლიანი იჯარით 7 მილიონ ევროდ დაიმატა. ფეხბურთელმა ამ დრომდე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და კლუბი დაარწმუნა, რომ მასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.
კონსეისაოს გამოსასყიდი ფასი 30 მილიონი ევროა, რომლის გადახდას ტურინელები მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებენ, რათა სხვა კლუბებს დაასწრონ და ნიჭიერი გარემარბი საბოლოოდ გაიფორმონ.
ფრანსისკო კონსეისაომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.