გერმანიის თასის მერვედფინალში „კარლსრუე“ „აუგსბურგთან“ დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა ბუდუ ზივზივაძეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელი ორი საგოლე პასი მიითვალა: ბუდუს გადაცემით 53-ე წუთზე ფლორიან შლოიზენერმა მოახერხა გატანა და გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. 111-ე წუთზე ზივზივაძემ მეორე ასისტი ჩაიწერა აქტივში, ამჯერად მან მარსელ ვანიცეკს გაატანინა.
„კარლსრუე“ იგებდა, მაგრამ 123-ე წუთზე გაუშვა და თითქმის მოგებული მატჩი საბოლოოდ წააგო, რადგან პენალტების სერია ბუნდესლიგის ბინადარმა „აუგსბურგმა“ 5:4 მოიგო. ზივზივაძე 121-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ბუდუმ მეორე წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა დააჯარიმა და გოლი არ ჩათვალა - საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება იყო.
„კარლსრუეს“ ზუსტად ერთი წუთი დააკლდა გერმანიის თასის მეოთხედფინალამდე, რაც დიდებული შედეგი იქნებოდა. ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის თასზე მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, II ბუნდესლიგაში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი შეასრულა.