ფეხბურთი

14:34 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა.

როგორც მან თქვა, ჯგუფი რთულია, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაში მათთვის დღესასწაულია:

"საინტერესო ჯგუფია, რა თქმა უნდა რთული მატჩები გვექნება, თუმცა ასეთ გუნდებთან დაპირისპირება ჩვენთვის საფეხბურთო დღესასწაულია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ კარგად წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი ამ ტურნირზე.

აქ უკვე მეორედ ვთამაშობთ, აქ ყოფნის უფლება ამჯერად ჩვენი თამაშით და უდიდესი შრომით მოვიპოვეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, ასევე ჩვენი ფეხბურთელები ივნისში ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი და ჩვენი თავი აქ ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

დანარჩენ დეტალებზე ალბათ ცოტა უფრო მერე უნდა ვისაუბროთ, წინ გვაქვს მარტის სანაკრებო პაუზა, ივნისის ამხანაგურები და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ამ თამაშებს მწყობრში შეხვდება“, - თქვა სვანაძემ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 11 ივნისს პოლონეთს, 14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

0.117923