მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასს მერვედფინალში გამოეთიშა, შესაბამისად, ვენსან კომპანის გუნდმა სეზონში პირველი ტიტულის შანსი დაკარგა.
„ბაიერნი“ შინ „ლევერკუზენს“ დაუხვდა. წილისყრამ გერმანიის ორი საუკეთესო გუნდის გზები ნაადრევ სტადიაზე გადაკვეთა და სუპერდუელში გამარჯვებული ჩაბი ალონსოს გუნდი გამოვიდა.
„ბაიერნის“ მდგომარეობა მე-17 წუთზე დამძიმდა, როცა მანუელ ნოიერი გააძევეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელის კარიერაში ეს პირველი წითელი ბარათი იყო.
„ლევერკუზენმა“ ამით მშვენივრად ისარგებლა. 69-ე წუთზე ნათან ტელამ გაიტანა გამარჯვების გოლი (0:1) და „ფარმაცევტები“ მეოთხედფინალში გაიყვანა.