ფეხბურთი

16:25 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport-ი "იუვენტუსში" მიქაუტაძის ტრანსფერზე: იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ტურინის „იუვენტუსს“ Tuttosport-მა კიდევ ერთხელ დაუკავშირა.

იტალიური გაზეთის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის „იუვე“ ფორვარდს ეძებს და სიაში რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის, ჯოშუა ზირკზე, არნო კალიმუენდო, ჯაკომო რასპადორი, ლორენცო ლუკა და პატრიკ შიკი, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით მიქაუტაძე ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

„გიორგი მიქაუტაძისთვის ბოლო საათები ადვილი არ ყოფილა - „ლიონის“ თავდამსხმელი "ნიცასთან" გამარჯვების შემდეგ სახლში ძარცვის მსხვერპლი გახდა. კვირას საღამოს მის სახლში ორი შეირაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომლებმაც აიძულეს ფეხბურთელი, რომ მათთვის დაახლოებით 150 000 ევროს ღირებულების ნივთები გადაეცა. ქართველი კი, ამის მიუხედავად, უკვე თამაშზეა კონცენტრირებული, თუმცა, სატრანსფერო ბაზარიც საყურადღებოა, იმიტომ, რომ "იუვენტუსი" მზადაა დაუბრუნდეს თავდამსხმელზე საუბარს, რომელიც კვარაცხელიას მეგობარი და თანაგუნდელია და ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მიჰყვებოდა. ის „ლიონმა“ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი, ოლიმპიკი ფინანსურ პრობლემებშია და ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება.

მიქაუტაძე, რომელსაც ფრანგული და შესაბამისად, ევროკავშირის პასპორტი აქვს (აუცილებელი პირობა დამდეგ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში "იუვენტუსში" მოსახვედრად, რადგან კლუბში არაევროკავშირების კვოტა შევსებულია) ასევე „ვესტ ჰემშიც“ მოსწონთ.

„ლიონში“ მიქაუტაძე ხელშეუხებელი ლაკაზეტის შემცვლელია, მაგრამ როცა ძირითად შემადგენლობაში ხვდება, თავის კვალს ხშირად ტოვებს. სიმაღლით ატიპიური თავდამსხმელია, ტანდაბალი, მაგრამ ფიზიკურად მაინც გამორჩეულია და შესანიშნავი ტექნიკური თვისებებიც აქვს. სწორედ ამის გამო, რთულია მცველებისთვის მისი მეურვეობა, ბურთის შენარჩუნება არ უჭირს, უტევს სივრცეებს და ამ თვისებებით თანამედროვე თავდამსხმელია.

ფასიც ხელმისაწვდომია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ლიონს“ ფინანსური სახსრების მოზიდვის აუცილებლობა უდგას. ჯერ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ „იუვენტუსმა“ შეიძლება დაიმატოს იჯარით, ხოლო გარკვეული კონდიციების მიღწევის შემთხვევაში, შეიძლება გამოსყიდვის ვალდებულებაც ამოქმედდეს 20 მილიონი ევროს ფარგლებში" - წერს Tuttosport-ი.

„იუვენტუსში“ ამჟამად ორი ფორვარდია - დუშან ვლაჰოვიჩი და არეკ მილიკი. სერბმა ბოლო სამი მატჩი გამოტოვა, ხოლო მილიკს გასული სეზონის შემდეგ არათუ არ უთამაშია, არამედ არც უვარჯიშია და ტრავმირებულია. ამიტომ, ბოლო მატჩებში „იუვე“ ფორვარდის გარეშეა და იანვარში აუცილებლად სჭირდება ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატება.

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ მიმდინარე სეზონში 17-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

0.113394