რაგბი

22:34 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 22:20 ტაო

თბილისის ‘ლელომ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 22:20 სძლია და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

სეზონში მესამე მოგების შემდეგ ‘ლელოს’ 15 ქულა მოუგროვდა და ჯერჯერობით კვლავ მე-9 ადგილზე რჩება, თუმცა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირა. ერთ-ერთი კონკურენტი სწორედ ‘ტაოა’, რომელმაც მცირე სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა აიღო და ჯამში 19 ქულით მე-7 ადგილზეა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. საწყის 20 წუთში ოთარ ტალახაძემ და ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, 22-ე წუთზე კი ‘ტაოს’ ხანგრძლივი და მრავალფაზიანი შეტევა ოთარ მეტრეველის ლელოთი დასრულდა და ‘ტაო’ დაწინაურდა. მან 22-ის ხაზთან ფეხით ითამაშა და ბურთს ბოლომდე მიყვა, ტალახაძემ კი გარდასახა. გაშვებული ლელოს შემდეგ ‘ლელო’ გააქტიურდა და 31-ე წუთზე ჩამორჩენის შემცირება ყიასაშვილმა ჯარიმით სცადა, მაგრამ ცენტრიდან დარტყმა გაუცუდდა - 3:10.

ტაიმის ბოლოს ‘ტაომ’ სინბინით ორი მოთამაშე დაკარგა - გიგი გიგინეიშვილი და ოთარ მეტრეველი, რითიც მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ისარგებლეს. 43-ე წუთზე ნიკა აბესაძემ ფრთაზე მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა, ბურთი ფეხით შეიცურა, თავად აიღო და ლელოში ვაჟა მაისურაძეს შეაყოლა. 47-ე წუთზე მოლის შემდეგ მაისურაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვები არაზუსტი იყო, მასპინძლები 3 ქულით დაწინაურდნენ.

მალე ყვითელი ბარათი მასპინძელთა ბურჯმა დავით ქუნთელიამ მიიღო. ‘ტაო’ გააქტიურდა და შედეგს მე-60-ე წუთზე უწია, როდესაც სწრაფი შეტევა რატუ მელი ტურანგათას ლელოთი და ტალახაძის გარდასახვით დაასრულა. ლუკა სახელაშვილმა თბილისელებს უპირატესობა ორი გატანილი ჯარიმით დაუბრუნა, რაზეც ტალახაძემ 73-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა. ‘ტაო’ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა შეხვედრის მიწურულს წითელი ბარათი ტურანგათამ მიიღო, გაწითლებულ დროზე სახელაშვილმა გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:20. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვაჟა მაისურაძე გახდა.

RUGBY.GE

0.118784