ფეხბურთი

1:20 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ენფილდისგან" ამას არ ველოდი, თუმცა, ესეც ფეხბურთის ნაწილია"

„მანჩესტერ სიტის“ კრიზისი გრძელდება, მორიგი მარცხი „ლივერპულთან“ განიცადა (0:2).

მატჩის მიწურულს „ენფილდი“ პეპ გვარდიოლას მისამართით სკანდირებდა - „ხვალ დილით გაგათავისუფლებენ“.

ესპანელმა სპეციალისტმა ფანებს ჟესტით ექვსიანი უჩვენა, რითაც მათ შეახსენა, რომ პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო. პეპმა მატჩის შემდეგ ამ თემაზე ისაუბრა:

„არ ველოდი, რომ „ენფილდზე“ ეს მოხდებოდა, სხვა კლუბების ქომაგებიდნა, როგორიც „ბრაიტონია“, ეს გასაგები იქნებოდა, თუმცა „ენფილდისგან“ არ ველოდი. მაგრამ არა უშავს, ფეხბურთის ნაწილია, ალბათ გათავისუფლება დავიმსახურე, შედეგების გათვალისწინებით, მაგრამ სამსახურს მხოლოდ იმიტომ ვინარჩუნებ, რომ პრემიერლიგა ექვსჯერ მოვიგე. ამ სტადიონზე ბევრი მაგარი ბრძოლა გვქონია. "ლივერპული" საწყისი 15-20 წუთი შეუჩერებელი იყო. ვეცდებით, „ნოტინგემთან“ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ნაბიჯი წინ გადავდგათ”, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 26 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია - 7 მატჩი, 1 ფრე და 6 წაგება, მათ შორის, ზედიზედ ოთხი მარცხი პრემიერლიგაში. შედეგად, გვარდიოლას გუნდი 23 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ლივერპულს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

0.117359