ფეხბურთი

19:56 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი, "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება და ისევ ლიდერის პოზიცია

თითქოს, „ნაპოლის“ თამაში სანახაობრივი და შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ შედეგები საპირისპიროა.

ანტონიო კონტეს გუნდმა ისევ მოიგო, ისევ რთულ საგარეო შეხვედრაში, „ტორინოსთან“, რომელიც მართალია კატასტროფულ ფორმაშია, მაგრამ ტურინიდან სამი ქულის წაღება ადვილი არავისთვისაა.

„ნაპოლიმ“ აჯობა მეტოქეს და რომ არა, „ტორინოს“ მეკარე, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. საბოლოოდ, „აძური“ 1:0-ს დასჯერდა. 31-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა გადამწყვეტი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასით.

ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როცა ყველაზე აქტიური იყო, საგოლე პასიც მიითვალა და გოლიც გატანაც რამდენჯერმე შეეძლო, განსაკუთრებით ერთ მომენტში, როცა მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია. ქართველი შემტევი მე-80 წუთზე დავიდ ნერეშმა შეცვალა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ 32 ქულით ისევ პირველ ადგილზეა და ამ ტურსაც ლიდერის რანგში დაასრულებს, ამასობაში, კონტეს გუნდისთვის რთული კალენდარიც თითქმის უკანაა მოტოვებული. მომდევნო ტურში „ნაპოლი“ 8 დეკემბერს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.

0.139966