„ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, დანილოს შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
„ნაპოლი“ იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და სიაში ერთ-ერთი პირველი დანილო ჰყავთ მონიშნული, რომელიც ანტონიო კონტეს მოსწონს, ხოლო სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა „იუვენტუსიდან“ მას ძალიან კარგად იცნობს.
დანილოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ის არ შედის ტიაგო მოტას გეგმებში და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის კაპიტანია, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ გარდა, „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, „პორტუში“, „სანტოსსა“ და „ამერიკა მინეიროსი“ უთამაშია.