ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში დაეხმარა.
ცნობილმა მსახიობმა ამის შესახებ ისტორია ფაბიო კარესასთან ინტერვიუში გაიხსენა, ცხადია, იხუმრა, როცა თქვა, რომ ტრანსფერში წვლილი მან შეიტანა:
„მარტი-აპრილი იქნებოდა, „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რომში, ფოტოსესიაზე ვიყავი, იქ იყვნენ მაურიციო მიკელი და კრისტინ ძაკარდოც. დამინახეს, მომესალმნენ და მითხრეს: „სალვატორე, უნდა დაგვეხმარო, აქ ქართველი ფეხბურთელის აგენტია, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მან გვითხრა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც შენი ფანები არიან“. მე მივედი მასთან და მივესალმე. კვარაცხელიას აგენტს გაუხარდა, ფოტო გადავიღეთ და შემდეგ ჩემი ფოტოსესიისთვის დავბრუნდი.
დღის მეორე ნახევარში მაურიციო მიკელიმ მესიჯი გამომიგზავნა: „სალვატორე შენ გადაგვარჩინე, მხოლოდ შენზე გვესაუბრებოდა და საბოლოოდ, შეთანხმებას მივაღწიეთ, ყველაფერი რიგზეა“.
მოდი, ასე ვთქვათ, უბრალოდ მიხარია, რომ მოლაპარაკებებში დავეხმარე (იცინის - რედ)“, - თქვა ესპოზიტომ.