აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში „ზირამ“ „სუმგაითი“ 4:1 დაამარცხა, ეს მატჩი კი, ქართველი ფეხბურთელების ბენეფისი იყო - დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა ერთი გოლი გაიტანა.
ვოლკოვმა მეტოქის კარი მე-8, 66-ე და 76-ე წუთებზე დალაშქრა, ხოლო პაპუნაშვილმა თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა. ვთქვათ ისიც, რომ პაპუნაშვილს საგოლე პასი ვოლკოვმა გაუკეთა. ასე რომ, „ზირამ“ ქართველების გოლებით მოიგო და ზედიზედ 3 წაგების შემდეგ გამარჯვება იზეიმა.
პაპუნაშვილს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ვოლკოვის აქტივში 15 შეხვედრა და 7 გოლია, გარდა ამისა, დავითს 4 გოლი ევროთასებზე აქვს გატანილი (3 კონფერენს ლიგაზე, 1 - ევროპა ლიგაზე).
„ზირა“ 15 ტურის შემდეგ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, სტუმრად „კაპაზს“ დაუპირისპირდება.