ქართველი სპორტსმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და პოლიციას მოუწოდებენ, ქართველ ხალხზე ძალადობა შეწყვიტონ.
მიმართვა გაავრცელა ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა და სხვებმა:
ხვიჩა კვარაცხელია: „ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს“.
გიორგი ქოჩორაშვილი: „საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“.
გიორგი მამარდაშვილი: „სირცხვილია“.
დავით ნინიაშვილი: „რთულია ამ ყველაფერს შორიდან უყურო. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის“.
ზაზა ფაჩულია: „რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი“.
გიორგი ქვილითაია: „ძალიან მძიმე სანახავია, როცა შენს თანატოლებს, სურვილისთვის, იცხოვრონ ევროპულ საქართველოში, ასე სასტიკად უსწორდებიან. ახალგაზრდებო, თქვენს გვერდით ვარ“.
ლევან მჭედლიძე: „არ ვიცი, რა ვთქვა! სად უნდა გაიზარდო კაცი ასეთი არასწორი და არაკაცური ქცევა რომ გამოავლინო! პირველ რიგში, პოლიციელი უნდა იცავდეს ყველა კანონს და შემდეგ ჩვეულებრივი მოქალაქისგან ითხოვეს ამას. ის მოქალაქეები, რომლებიც მართლა მშვიდობას ვნატრულობთ და მოვითხოვთ, გვინდა და მოვითხოვთ, რომ პირველ რიგში ეს ხალხი დაისაჯოს და შემდეგ დანარჩენი, ვინც არასწორად იქცევა. გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ ხალხს. გვიყვარდეს ერთმანეთი“.
ანრი მექვაბიშვილი: "ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ქართველი ხალხის ნება ყოველთვის იყო და იქნება ევროპული მომავალი".
გიორგი წიტაიშვილი: "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ახლა ჩემს ქვეყანაში ხდება. ახლა ჩემი დებიც სამშობლოს დასაცავად იქ დგანან. ჩვენი გზა ყოველთვის ევროპისკენ მიდიოდა და ამ გზას არ გადავუხვევთ! ვგმობ ძალადობას".
გიორგი ჩაკვეტაძე: „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა. საქართველოს მომავალი ევროპაა. ეს გზა მოითხოვს ერთიანობას და მშვიდობისადმი ერთგულებს. ქართველებო თქვენს გვერდით ვარ“.
საბა გოგლიჩიძე: "რთულია შორიდან იმის ყურება, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მკაფიოდ ჩანს, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ხალხის ნებას და სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება. შეწყვიტეთ არაადამიანური ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი".
ვაკო ყაზაიშვილი: "ძალიან რთულია ასე შორიდან ამ ყველაფრის ყურება!!! რისთვის ისჯება ქართველი ხალხი, საკუთარი აზრის გამოხატვის და ევროპული მომავლის სურვილისთვის?! მიყვარხართ და ვამაყობ თითოეული თქვენგანით, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის".
თორნიკე შენგელია: „ქართველი ხალხი ოდითგანვე თავისუფლების დასაცავად იბრძოდა. ჩვენი ერის დაჩაგვრა და დაჩოქება ვერავინ შეძლო და ვერც შეძლებს. ეს ყველაფერი ერთობით არის შესაძლებელი. რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყოვლად მიუღებელია. გულსატკენი და შემზარავია, თანამემამულეების მიმართ ძალადობის და კადრების ყურება. ვგმობ და ვემიჯნები ძალადობას. ჩვენი მომავალი ევროპაშია. მშვიდობა საქართველოს და ქართველ ხალხს“.