რაგბი

20:10 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მეორე ეტაპი ‘ლელოს’ და ‘ხვამლის’ ლიდერობით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგამ, რომელშიც 2008/09 წლებში დაბადებული მორაგბეები ასპარეზობენ, ფორმატი კიდევ ერთხელ იცვალა. პირველი, საკლასიფიკაციო ეტაპის შედეგებმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდები „ოქროს“, „ვერცხლისა“ და „ბრინჯაოს“ ჯგუფებში განათავსა. „ოქროს“ ჯგუფის 12-ივე მონაწილე საჩემპიონო პლეი ოფში იასპარეზებს. „ოქროს“ ჯგუფი ორი 6-გუნდა ჯგუფად დაიყო, სადაც გუნდები ორ წრედ მიმოსვლით ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ ელიტის ბინადრებს „ვერცხლის“ ლიგის 4 წარმატებული გუნდი შეურთდება და მესამე რაუნდიდან ტიტულისა და პოდიუმისთვის ბრძოლა უკვე პლეი ოფით, 1/8-ფინალური ეტაპიდან გაგრძელდებდა. გადამწყვეტი ეტაპის წინ, ელიტის წარმომადგენლები პლეი ოფში გუნდებისთვის ნომრების მისანიჭებლად წინასწარი პლეი ოფის შეხვედრებს გამართავენ.

პირველი ჯგუფი

‘ლელომ’ ტიტულის დაცვა „რაგბი ჭალაში“, ‘წიქარასთან’ შეხვედრით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონიდან ჩემპიონს 25 წლის ბექა ყორიაული თავკაცობს. ახალგაზრდა, პერსპექტიული სპეციალისტი დიდი 10-ის ბინადარ ‘ლელოს’ მარბიელიც გახლავთ.

შეხვედრა ‘ლელოს’ უდიდესი უპირატესობით წარიმართა, რაც ჩემპიონის გატანილ 8 უპასუხო ლელოში აისახა. ფავორიტის წარმატებას სათავე ბურჯ გიორგი ბერძენიშვილის დადებულმა ლელომ დაუდო. შემდგომში ბერძენიშვილმა, ფულბეკ ნიკოლოზ მიქაძის მსგავსად „დუბლი“ გაიფორმა. მიქაძემ 4 გარდასახვაც გამოიყენა. ‘ლელომ’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით - 50:0 მოიგო.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ბათუმის’ შეხვედრა გაიმართა. გასული სეზონის ფინიშზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი სწორედ ხსენებულ მეტოქეთა დაპირისპირებაში გაირკვა, სადაც წარმატებას „მხატვრებმა“ მიაღწიეს. შეხვედრა დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. პირველ ტაიმში აჭარლებმა მასპინძლებზე 1-იტ მეტი, 3 ლელო (მღლეტელი გია გორგილაძე, მხტომელი დათო დევაძე, შუამარბი ნიკა ქამაშიძე) გაიტანეს და შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში „მხატვართა“ დიდი მცდელობის მიუხედავად, ნიკა ჩიტალაძის ბიჭებმა შეხვედრის შემოტრიალება ვერ შეძლეს. მარქაფადან ჩართული მარბიელის ლუკა მახარაძის შესრულებული „დუბლით“ ‘აკადემია’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩა. ‘ბათუმმა’ 29:24 იმარჯვა.

„პარკი არენაზე“, ფოთმა’ რუსთავის ‘ხარებს’ დიდი ბრძოლა მეორე ტაიმში გაუმართა. შესვენებამდე ქვემო ქართლელები დომინირებდნენ. შუამარბი კაპიტნის დემეტრე გიორგაძისა და მარბიელ ლუკა კაზაროვის უპასუხო ლელოთა წყალობით სტუმრებმა პირველი ნახევარი 12 ქულით მოიგეს.

მეორე ტაიმში ‘ხარებმა’ მონაგარი მხტომელ გიორგი მერაბიშვილის დადებული ლელოთი გაამდიდრეს. გააქტიურებულმა კოლხებმა კი მგეზავ ლუკა ჭაკუასა და ფრთა ლაშა გოგოხიას გარდასახული ლელოებით ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და მატჩის ბოლო წუთებიც გააფთრებულ იერიშებში გაატარეს. ‘ხარებმა’ თავი კარგად დაიცვა და თან მასპინძლებმა მეტოქის 5-მეტრიანთან რამდენჯერმე საკუთარი დერეფანი დათმეს, რამაც შეხვედრის ანგარიში უცვლელი დატოვა. ‘ხარებმა’ 19:14 გაიმარჯვა, კოლხები კი ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.

მეორე ჯგუფი

ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’, რომელსაც სათავეში გაგა სინაურიძე უდგას, ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრა „რაგბი ჭალაში“ ‘არმიას’ წინააღმდეგ გამართა. ძლიერმა ქარმა გუნდების ტექნიკურ მხარეზე უარყოფითად იმოქმედა და მატჩიც მწირქულიანი გამოდგა. ფიზიკურად კარგად მომზადებული ‘არმია’ მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რამაც თენგო ჯინაშვილის ბიჭებისთვის სასურველი შედეგი გამოიღო. ფულბეკ კახა ზურაბიშვილის გატანილ ჯარიმას, მეორე ნახევარში ფრთა დავით ნებიერიძის გარდაუსახავი ლელოც დაერთო და ‘არმია’ 8 ქულიანი სხვაობით დაწინაურდა.

მართალია, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მღლეტელ გიორგი ქევანიშვილის გარდასახული ლელოთი რიონისპირელებმა ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში ოვალი ხელთ კვლავ „არმიელებს“ ეპყრათ, რამაც ვიცე-ჩემპიონი ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. მატჩი ‘არმიამ’ 8:7 მოიგო.

მეორე ჯგუფში რიონისპირელთა კიდევ ერთი გუნდი ‘აია’-2 ასპარეზობს, რომელიც სრულად 2009 წელს დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. იმის მიუხედავად, რომ უმცროსი ქუთათური ჭაბუკები ლიგაში პირველად თამაშობენ, გამოცდილმა სპეციალისტმა გაგა გურეშიძემ გუნდს საკუთარი თამაშის ხელწერა უმოკლეს პერიოდში დაატყო და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი კოლექტივიც შეკრა. ‘აია’-2-მა ელიტაში სადებიუტო შეხვედრა ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზის’ წინააღმდეგ აღმავლობით ჩაატარა.

მატჩის დებიუტში ფავორიტი მასპინძლები მგეზავ საბა სონღულაშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც რიონისპირელებმა მგეზავ გიგა გვაძაბიას საპასუხო გატანილი ჯარიმა შეაგებეს და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშზე წავიდნენ. მეორე ტაიმში გურეშიძის ბიჭები დაცვაში საიმედოდ და პრაგმატულად ირჯებოდნენ, შეტევაში კი მასპინძელთა შეცდომებით კარგად სარგებლობდნენ. შუამარბ გიორგი კუპრეიშვილის ლელო გვაძაბიამ გარდასახა, ვინაც შემდგომში მორიგი გატანილი ჯარიმით ქვემო ქართლელები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘აია’-2-მა მატჩი 13:3 მოიგო.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი გაიმართა. მატჩის დიდი ნაწილი მუხიანელები გვარიან უპირატესობას ფლობდნენ და „რკინიგზელებს“ მიჯრით 4 ლელო დაუდეს. კვაჭმა ლუკა გორგოძემ „დუბლი“ გაიფორმა, თითო გატანილი ლელო აქტივში კი მარბიელმა დათო დვალიშვილმა და ფრთა გიორგი ირემაძემ მიითვალეს. ‘ლოკომოტივის’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს დადება ფრთა გიორგი ლაბაძემ შეხვედრის მიწურულს მოახერხა. დათო ცხვედიანისა და რატი ურუშაძის ბიჭებმა ელიტაში გამოსვლა პრემიალური ქულითა და ლიდერობით დაიწყეს - 24:8.

RUGBY.GE

0.113576