ფეხბურთი

23:49 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის დუბლი და "ლიონის" გამარჯვება ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ყარაბაღი“ 4:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში, როცა ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დალაშქრა მეტოქის კარი. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, გიორგიმ საჯარიმოში ძალიან ტექნიკურად ითამაშა, მცველი და მეკარე ერთი მოძრაობით მოატყუა, მერე კი, რბილი დარტყმით გაიტანა, რითაც ანგარიში 4:0 გახადა.

მიქაუტაძემ ევროტურნირებზე კარიერაში პირველი გოლები გაიტანა. მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე ქართველს ოთხ შეხვედრაში ორი გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლიგა 1-ის 12 მატჩში თავი ორი გოლით (დუბლი „ოსერთან“) და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

„ლიონი“ ევროპა ლიგაზე ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 დეკემბერს, „აინტრახტს“ უმასპინძლებს.

დღესვე, ევროპა ლიგაზე ლატვიური რფს შინ სალონიკის „პაოკთან“ 0:2 დამარცხდა. ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლუკა სილაგაძე მოედანზე 28-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. რფს 2 ქულით ბოლოსწინა, 35-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 დეკემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრება.

კონფერენს ლიგაზე ნიქოზიის „აპოელმა“ სტუმრად „მიოლდე“ 1:0 დაამარცხა. ლაშა დვალი სათადარიგო სკამზე იყო და თამაშის საშუალება არ მისცემია. „აპოელი“ 7 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 დეკემბერს, სტუმრად სომხურ „ნოას“ შეხვდება.

დანიურმა „კოპენჰაგენმა“ მინსკის „დინამო“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 50-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ჯერჯერობით, უცნობია, დაზიანების ხარისხი. „კოპენჰაგენი“ 5 ქულით მე-19 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 დეკემბერს, შოტლანდიურ „ჰართსს“ უმასპინძლებს.

0.132861