რაგბი

15:00 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა სეზონს დუბაითი იწყებს

საქართველოს 7-კაცა ახალ სეზონს ტრადიციულად დუბაის მოსამზადებელი ტურნირით იწყებს. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, დუბაის საერთაშორისო წვეულ ტურნირში “განვითარებადი საქართველოს” სახელით ითამაშებს.

გუნდი დუბაიში 28 ნოემბერს გაემგზავრება და 29-ში ჯგუფური ეტაპის ორ თამაშს გამართავს - Scimitar Storm-თან და Aktau Kaspiy-სთან. ჯგუფურ ეტაპს 30 ნოემბერს ფრანგულ ‘ბიარიცთან’ ვასრულებთ, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ფლეი ოფის ეტაპზე.

შეგახსენებთ, შარშან განვითარებადმა საქართველომ დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ფინალში ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა.

შარშანდელის მსგავსად, საქართველოს 7-კაცა წელსაც ორ ტურნირს ითამაშებს - გაზაფხულზე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის სამ და ზაფხულში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორ ეტაპს.

“დუბაიში შარშან ფინალი დავთმეთ და წელს ამის გამოსწორებას ვეცდებით, თუმცა დუბაის ტურნირზე ნაჩვენები შედეგი მთლიანობაში არაფერს წყვეტს და იქ სამუშაოდ მივდივართ. ესაა მოსამზადებელი ეტაპი, რომელმაც უნდა დაგვანახოს აქამდე გაწეული სამუშაოს შედეგი, რის შემდეგაც ოფიციალურ ტურნირებმა შეცდომების გამოსასწორებლად საკმარისი დრო გვექნება” - ამბობს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და განაგრძობს:

“7-კაცა ოლიმპიური სახეობაა და ყველა გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს, მათ შორის არასარაგბო ქვეყნებიც. როგორც ჩვენ, ისე სხვა გუნდებიც ვითარდებიან და წინ მიდიან. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსოფლიო სერიის ჩელენჯერის სერიაზე შარშან ნაჩვენები შედეგი (მე-8 ადგილი) გავაუმჯობესოთ და წინ წავიწიოთ, პროგრამა მაქსიმუმი კი ოთხეულში მოხვედრა იქნება, რაც მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს”.

“ცუდი ისაა, რომ ჩელენჯერის სერიის პირველი ორი ეტაპი, რომელსაც სავარაუდოდ სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს, დიდი 10-ის ფლეი ოფებს ემთხვევა, თუმცა იმედი მაქვს ქართული კლუბები ჩვენს ინტერესს გაითვალისწინებენ. ასევე ჩვენი ყველას სურვილია, რომ თუ შესაძლებელი იქნება მოხდეს ამ ტურნირების ტრანსლიაცია, რათა მოთამაშეთა ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს ჰქონდეთ ჩვენი თამაშის ხილვის შესაძლებლობა”.

დუბაის ტურნირზე საქართველოს 7-კაცას ტრავმირებული სოსო მათიაშვილი ვერ დაეხმარება. არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც ამ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარებიან, თუმცა მწვრთნელის, გია ლაბაძის თქმით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბა:

“შარშანდელმა თამაშებმა გვაჩვენა, რომ 7-კაცასთვის საჭირო ფიზ. მომზადება გვაკლდა და წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი ამის მიხედვით დავგეგმეთ. ჩვენი ფიზ. მომზადების მწვრთნელი აქტურად მუშაობდა იმ მოთამაშეებთან, რომლებიც დაკონტრაქტებული გვაქვს. როდესაც ხერხდებოდა, ორშაბათს და სამშაბათს დანარჩენი მოთამაშეებიც ჩვენთან იყვნენ და ყველანი დიდი მონდომებით, მაქსიმალურად იხარჯებოდნენ”.

“ოფიციალურ ტურნირებმა ჯერ დიდი დროა და გვაქვს გათვლა, რომ მარტში საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. დუბაის შემდეგ, იანვარ-თებერვალში ვეცდებით კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა. თუ წასვლა არ გამოვა, ამ პერიოდში აქ გვექნება გარკვეული აქტივობა. გვაქვს სურვილი ჩვენს ვარჯიშზე ქართულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები მოვიწვიოთ და მათთან გავმართოთ თამაშები, რათა განსხვავებულ სტილს ალღო ავუღოთ”.

განვითარებადი საქართველოს 7-კაცა დუბაის საერთაშორისო წვეულ ტურნირზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, სერგი ჩხაიძე (კაპ.), საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ლევან ნარიმანიძე, გიორგი ჯობავა, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, დავით იმნაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, ბექა გელხვიძე, ვაჟა მიქაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

0.123615