მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს. კანდიდატებად კი, ტეო ერნანდესი და ალფონსო დევისი სახელდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით პორტუგალიელი სპეციალისტის საყვარელი ფორმაციაში მნიშვნელოვანი როლი განაპირა მცველებს უკავიათ, რომლებსაც შეტევაში ჩართვა კარგად გამოსდით. სწორედ ამიტომ ამორიმი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს, ვარიანტებად კი მიუხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელს, ალფონსო დევისს და „მილანის“ მარცხენა მცველს, ტეო ერნანდესს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ალფონსო დევისის დამატება ასევე მადრიდის „რეალსაც“ სურს. კანადელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება. რაც შეეხება, ტეო ერნანდეს, მას „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ამ დროისთვის მისი ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 60 მილიონი ევროა.