ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოდგა.
„მანჩესტერ სიტის“ კრიზისი გრძელდება. პეპ გვარდიოლას გუნდი როტერდამის „ფეიენოორდთან“ საშინაო მატჩს ზედიზედ 5 წაგებით შეხვდა და „ეტიჰადზე“ მხოლოდ სამი ქულისთვის თამაშობდა.
„სიტის“ გაუჭირდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ერლინგ ჰოლანდმა პენალტით მაინც გაიტანა. მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა ორჯერ კიდევ გაიტანეს. ჯერ ილქაი გიუნდოგანმა, მერე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა - 3:0... ეს ანგარიში 75-ე წუთამდე იყო ტაბლოზე, თითქოს, „სიტის“ უნდა მოეგო, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გვარდიოლას გუნდს კოშმარული პერიოდი უდგას: „ფეიენოორდმა“ 0:3-დან მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა!
„სიტიმ“ წაგებების სერია შეწყვიტა, მაგრამ 3:0-დან 3:3 შინ, „ფეიენოორდთან“, შეიძლება წაგების ტოლფასად ჩაითვალოს. „მანჩესტერ სიტის“ ხუთ ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო ტურში კი, სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ კიმ მინ-ჯეს ერთადერთი გოლით დაამარცხა - 1:0. გერმანულ გრანდს 9 ქულა აქვს და სიტუაცია გამოისწორა, ხოლო პსჟ-ს აქტივში მხოლოდ 4 ქულაა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
„ბარსელონამ“ „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, რობერტ ლევანდოვსკის ლიდერობით, რომელმაც დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა. „ბარსელონას“ 12 ქულა აქვს, ხოლო დებიუტანტი „ბრესტისთვის“ ეს პირველი მარცხი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, ხუთ ტურში 10 ქულა აქვს.
ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილს „ინტერი“ ლიდერობს, რომელმაც შინ „ლაიფციგი“ 1:0 დაამარცხა. იტალიის ჩემპიონს 13 ქულა აქვს, ჯერ გოლიც არ გაუშვია და შესანიშნავ მდგომარეობაშია. „ლაიფციგმა“ ხუთივე თამაში წააგო და უქულოდაა. უნდა ითქვას, რომ სხვებისგან განსხვავებით, „ლაიფციგს“, რომელიც პირველ კალათაში იყო განთესილი, წილისყრაში მაგრად არ გაუმართლა, განვლილ ხუთ ტურში ეთამაშა „ინტერს“, „ატლეტიკოს“, „იუვენტუსს“ და „ლივერპულს“, მომდევნო ტურშიც მძიმე თამაში ექნება - „ასტონ ვილასთან“.
ბერგამოს „ატალანტამ“ ბერნის „იანგ ბოიზი“ სტუმრად 6:1 გაანადგურა. დუბლით გამოირჩა მატეო რეტეგი, თუმცა, ეს მატჩი შარლ დე კეტელარეს ბენეფისი იყო, რომელმაც დუბლიც შეასრულა და 3 საგოლე პასიც გააკეთა. „ატალანტა“ შესანიშნავ ვითარებაშია - 11 ქულა აქვს.
ლონდონის „არსენალმა“ ლისაბონში „სპორტინგი“ 5:1 გაანადგურა. მიკელ არტეტას გუნდმა დიდებულად ითამაშა, ეს ანგარიში ბევრისთვის მოულოდნელი იქნებოდა, „სპორტინგმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე პირველად წააგო. ორივე გუნდის მონაგარი ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულაა.
„ლევერკუზენმა“ 5:0 გაანადგურა „ზალცბურგი“ ფლორიან ვირტცის ლიდერობით, რომელმაც დუბლი შეასრულა. გერმანულ გუნდსაც 10 ქულა გააჩნია, „ზალცბურგის“ აქტივში კი, მხოლოდ 3 ქულაა.
„ბარსელონა“ – „ბრესტი“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10), 2:0 დანი ოლმო (66), 3:0 ლევანდოვსკი (90)
„ლევერკუზენი“ – „ზალცბურგი“ 5:0 (3:0)
გოლები: 1:0 ვირტცი (8, პენ), 2:0 გრიმალდო (11), 3:0 ვირტცი (30), 4:0 შიკი (61), 5:0 გარსია (72)
„ინტერი“ – „ლაიფციგი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლუკება (27, ა.გ)
„ბაიერნი“ - პსჟ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კიმი (38)
„მანჩესტერ სიტი“ – „ფეიენოორდი“ 3:3 (1:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (44, პენ), 2:0 გიუნდოგანი (50), 3:0 ჰოლანდი (53), 3:1 ჰაჯი მუსა (74), 3:2 ხიმენესი (82), 3:3 ჰანცკო (89)
„სპორტინგი“ – „არსენალი“ 1:5 (0:3)
გოლები: 0:1 მარტინელი (7), 0:2 ჰავერტცი (22), 0:3 გაბრიელი (45), 1:3 ინასიო (47), 1:4 საკა (65, პენ), 1:5 ტროსარი (82)
„იანგ ბოიზი“ – „ატალანტა“ 1:6 (1:4)
გოლები: 0:1 რეტეგი (9), 1:1 განვულა (11), 1:2 დე კეტელარე (28), 1:3 კოლაშინაცი (32), 1:4 რეტეგი (39), 1:5 დე კეტელარე (56), 1:4 სამარჯიჩი (90)