ფეხბურთი

20:20 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტები: "გულწრფელად ვთქვათ - ეს კვარაცხელია არაა ის, რაც ორი წლის წინ იყო"
"კონტეს ბრალი არ არის, თუ მეორე წუთზე აშკარა მომენტი ვერ გამოიყენა"

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ მატჩის შემდეგ იტალიელი ჟურნალისტების კრიტიკის ობიექტი გახდა.

ქართველმა შეცვლის შემდეგ ემოციები არ დამალა და უკმაყოფილება ნათლად ჩანდა. ამიტომაც, ახლა მასზე ბევრს საუბრობენ. რაფაელე აურიემას განცხადებით, ანტონიო კონტეს ბრალი არ არის, თუ კვარაცხელიამ მეტოქის კარში გოლი ორი მეტრიდან ვერ გაიტანა.

„ჩვევად იქცა მისი შეცვლა, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. მეორე წუთზე გოლი რომ ვერ გაიტანა ახლო მანძილიდან, ეს კონტეს ბრალი არ არის“, - თქვა აურიემამ.

ხვიჩას შეცვლის შესახებ ისაუბრა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ:

„მინდა, იმედი მქონდეს, რომ საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული შეცვლის შემდეგ. ქართველ ფეხბურთელს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მან დამანგრეველი გავლენა მოახდინა პირველ სეზონში, რაც მას შემდეგ არასდროს გვინახავს. ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი აქვს, მაგრამ გულწრფელად ვთქვათ, რომ ასეთ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ მატჩში ვხედავთ, მეორე მატჩში - ვეღარ. გუშინაც, გამოავლინა მონდომება, სწორი სულისკვეთება, როცა დაცვასაც ეხმარებოდა, მაგრამ მოლოდინები განსხვავებულია. თუ შენ გაგიცნობენ, როგორც დამანგრეველ ფეხბურთელს, შემდეგ ყველა მატჩში ელოდებიან, რომ მატჩების ბედს გადაწყვეტ, ის კი, ამას სულ უფრო იშვიათად ახერხებს“.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.133225