რაგბი

16:43 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერი ‘წიქარამაც’ ვერ შეაჩერა

მე-8 ტურის შემდეგ ლიდერმა ‘გორმა’ მდევარ ‘ვეფხვებთან’ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. შიდა ქართლელები დამაჯერებელ ლიდერობას 39 ქულით, დაუმარცხებლად აგრძელებენ. გიორგი ჭინჭარაულის შეგირდებმა პირველობის ყველა შეხვედრა მოიგეს და ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხეს. ‘ვეფხვებმა’ 31 ქულა დააგროვა და მოწინავე სამეულში მყოფ ‘წიქარასთან’ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. ‘რუსთავმა’ 24 ქულით მე-4 ადგილი გაიმყარა და ‘წიქარასთან’ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

‘ლოკომოტივი’ მე-5 პოზიციაზე აღზევდა და ‘მათეს’ 1 ქულით გადაასწრო. მე-6 პოზიციაზე დაქვეითებულ ზემო იმერლებს მდევარი ‘დინოზავრი’ 1 ქულითღა ჩამორჩება. ‘არწივებმა’ 11 ქულით მე-8 ადგილი შეინარჩუნა და პლეი აუტის ზონაში, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘ფოთს’ კვლავაც 2 ქულით უსწრებს. აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ კი პირველობას საცხრილო ქულის გარეშე აგრძელებს.

‘წიქარა’-’გორის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. შიდა ქართლელები, ლაღად, სწრაფად მოქმედებდნენ, ოვალს დროულად შლიდნენ, ხაზს იოლად ჭრიდნენ და კომბინაციურ სტილში მეტოქეს 5-ით მეტი, 8 ლელო დაუდეს. ‘გორი’ შესვენებაზე 17 ქულიანი სხვაობით წავიდა, რომელიც ფავორიტმა მეორე ტაიმში გააორმაგა.

გორელთა წარმატებას სათავე შუამარბ ლაშა დონაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ფიჯელი ფრთა ჯაბულანი მკულვანის დადებულმა ლელომ დაუსვა. დონაძემ, მკულვანმა და შიდა ქართლელთა კიდევ ერთმა ფიჯელმა, ფულბეკმა რაფაელე ტუნიდაუმ „დუბლი“ გაიფორმეს. გიორგი ჭინჭარაულის გუნდმა ‘წიქარას’ სეზონში მე-3 მარცხი აგემა - 55:21.

‘მათემ’, ჭიათურაში დაზიანებული მოედნის საფარის გამო, ‘ლოკომოტივს’ ქუთაისში, „აია არენაზე“ უმასპინძლა. მართალია, ზემო იმერლებმა მთლიანობაში მეტოქეზე 2-ჯერ ნაკლები, სულ 2 ლელო გაიტანეს (მხტომელი პაატა კაპანაძე და ფრთა ნიკა კილაძე), თუმცა ზაზა ბაკურაძის შეგირდები მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიშში 4 ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ.

‘ლოკომოტივის’ მხრიდან ლელო მგეზავ ონისე ნიკოლაძეს, მარბიელ ლუკა გლუნჩაძეს და კვაჭ ნიკა ცოფურაშვილს ქონდათ გატანილი. შეხვედრის ბედი კი ქვეყნის 10-გზის ჩემპიონის ბოლო მიძალებამ გადაწყვიტა. ‘მათემ’ გარდაუვალი ლელოსგან თავი აშკარა წესის დარღევით დაიცვა, რასაც „რკინიგზელთა“ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელო მოჰყვა. ‘ლოკომოტივმა’ 24:21 მოიგო და ზემო იმერლები მხოლოდ ნუგეშ-ქულას დააჯერა.

„პარკი არენაზე“, პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მასპინძელ ‘ფოთს’ ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა, კოლხები კი მთლიანობაში 2 გატანილ ლელოს დააჯერა. პირველ ტაიმში მასპინძელთა შუამარბი ლეგიონერის ბლეიქ დიდერიქსის დადებულ ლელოს, გარე კახელებმა ფრთა საბა ცხვარიაშვილისა და ფულბეკ გიორგი ჭინჭარაძის გატანილი ლელოებით უპასუხეს. ‘ვეფხვებმა’ მეორე ნახევარში უპირატესობა მარბიელ ავთო ნიკოლაზისა და მხტომელი კაპიტნის გუჯუ ალავიძის გატანილი ლელოებით გაიმყარა. გუჯუ ალავიძის დადებულმა ლელომ გარე კახელთა სეზონში მე-7 გამარჯვება დააფიქსირა - 32:15.

ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ‘არწივებისა’ და ‘დინოზავრის’ პირველმა ტაიმმა იმერელთა უპირატესობით ჩაიარა. გურულების ლეგიონერი მღლეტელის შაქირ პარდნიკის გატანილ ლელოს, სტუმრებმა მხტომელ ბებუნი კუხიანიძის, კვაჭ გიორგი ტორაძის, მარბიელ პაატა გალდავას გარდასახული ლელოები დაუპირისპირეს და შესვენებაზე 16 ქულიანი სხვაობით წავიდნენ. მეორე ნახევარში ‘ფოთმა’ გაიბრძოლა და მიჯრით 2 ლელო გაიტანა. ბურჯ გურამ სანიკიძის გატანილი ლელოთი მატჩის მიწურულს კოლხებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. ‘დინოზავრს’ მხსნელად ბადრი დანგაძე მოევლინა. იმერელთა გამოცდილი მარბიელის გატანილმა ლელომ ზაზა ჩირგაძის გუნდის რთული გამარჯვება დააფიქსირა - 28:17.

„ხარები არენაზე“ პირველობის აუტსაიდერმა ‘აკადემია-ლაშარმა’ მასპინძელ ‘რუსთავს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია. მართალია, ‘რუსთავს’ შესვენებამდე 3 ლელო ჰქონდა გატანილი, თუმცა მარბიელ გიორგი კირაკოზაშვილის გარდაუსახავი ლელოსა და ფულბეკ გიორგი ჯღამაიას გატანილი წყვილი ჯარიმით სტუმრებმა ტაიმი მხოლოდ 6 ქულის სხვაობით დათმეს.

მეორე ტაიმმა კი ქვემო ქართლელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. ‘რუსთავმა’ 4 უპასუხო ლელო გაიტანა და მონაგარს 26 ქულა შემატა. ლელოს გატანა შუამარბმა გურამ ქანდაურაშვილმა, მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ნიკა ფუნთუშაშვილმა, ფრთა ფრიდონ კილაძემ და მხტომელმა ანრი გორდაშვილმა მოახერხეს. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა პირველობის მიჯრით მე-4 შეხვედრა, ამჯერზე ბონუს-ქულით მოიგეს - 43:11.

RUGBY.GE

0.115018