„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მადრიდული კლუბის ასამბლეაზე განაცხადა, რომ უეფა ფეხბურთს ანადგურებს და გულშემატკივრისთვის სპორტის ეს სახეობა უინტერესო ხდება.
პერესი სუპერლიგის პროექტის ავტორია და დარწმუნებულია, რომ მისი ამუშავებით, ფეხბურთი ძველ სიდიადეს დაიბრუნებს:
„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უსამართლოა, ვერავინ გაიგო. უფრო მეტი თამაშია, მაგრამ თითოეული მატჩის ღირებულება 30%-ით დაეცა. ეს ტურნირი გულშემატკივარს მხოლოდ სეზონის ბოლოს აინტერესებს, დასაწყისში კი, არავის. პროფესიონალებს აზარალებს, რადგან ტრავმებმა მოიმატა.
უკვე გვაქვს ჯვარედინი მყესის ტრავმის 9 შემთხვევა, იგივე რაოდენობა, რაც მთლიანად იყო გასულ სეზონში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს დაღლილობას უკავშირდება. ფეხბურთელები ვერ ისვენებენ და ენერგიის აღდგენაც უჭირთ. უეფა და ფიფა მხოლოდ ფულზე ფიქრობენ, არა ფეხბურთელებზე.
ფეხბურთის დონე დაეცა. 122 წლის განმავლობაში ჩვენს სტადიონზე ინგლისურმა კლუბმა სულ 22-ჯერ ითამაშა, „არსენალმა“ ერთადერთხელ, ხოლო „მანჩესტერმა“ ბოლო 16 წლის განმავლობაში ასევე ერთხელ. ნადალი და ფედერერი ერთმანეთზე 100-ჯერ შეხვდნენ. ფეხბურთი არასწორ გზაზეა.
სუპერლიგაში 100%-ით მერიტოკრატიული სისტემა იქნება, ევროსასამართლომ თავისუფლება მოგვცა, უეფას და ფიფას მონოპოლიას კი ბოლო მოუღო. გვინდა, რომ ფეხბურთს სიდიადე დავუბრუნოთ“, - თქვა პერესმა.