ფეხბურთი

16:40 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" მარცხი და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "იბერიას" შანსი გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ტორპედო“ ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა და შეიძლება ეს წაგება ჩემპიონობის რბოლიდან გამოთიშვის ტოლფასი იყოს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა სტივ კინის გუნდთან პირველივე ტაიმში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა. ანგარიში ნიკა სანდოხაძის ავტოგოლით გაიხსნა, ტაიმის მიწურულს კი, კირილ კლიმოვმა ფოთელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს, რასაც „ტორპედომ“ ფელიპე პირესის გოლით მალევე უპასუხა და თამაში დაიძაბა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი აბუაშვილმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა - 3:1.

შედეგად, „ტორპედოს“ 64 ქულა დარჩა და დღეს, „იბერია“ „დინამო ბათუმთან“ თუ მოიგებს, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 6-ქულიან უპირატესობას მოიპოვებს. „კოლხეთი“ 34 ქულით ქულით მერვეა და პლეი-აუტის ზონაშია. მომდევნო ტურში კინის გუნდი „გაგრას“ შეხვდება, ჩხეტიანის შეგირდები „იბერიას“ დაუპირისპირდებიან.

დღესვე წყალტუბოს „სამგურალმა“ იმერულ დერბიში „სამტრედია“ ლევან კუტალიას ერთადერთი გოლით დაამარცხა. „სამგურალს“ 39 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია და წინ „თელავთან“ შეხვედრა აქვს, ხოლო „სამტრედია“ 27 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ ეთამაშება.

„სამგურალი“ – „სამტრედია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუტალია (83)

„კოლხეთი“ – „ტორპედო“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 სანდოხაძე (11, ა.გ), 2:0 კლიმოვი (44, პენ), 2:1 პირესი (57), 3:1 აბუაშვილი (90)

0.115754