ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი საკმარისად ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის საჭირო თიროიდულ ჰორმონებს (T3, T4). ჰიპოთირეოზი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკსა და სქესში, თუმცა უფრო ხშირია ქალებში და მისი გამოვლენა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
ფარისებრი ჯირკვალი
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული ორგანოა, რომელიც კისრის წინა ზედაპირზე მდებარეობს. ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავეს ჰორმონებს, ტრიიოდთირონინს (T3) და თიროქსინს (T4), რომლებიც არეგულირებს ჩვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, ზრდას და განვითარებას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რეგულირდება თირეოტროპული ჰორმონით (TSH), რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოფიზი.
რა იწვევს ჰიპოთირეოზს?
- იოდის დეფიციტი - კვებითი რაციონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდის დიდმა დოზებმაც შეიძლება გამოიწვის აღნიშნული პრობლემა.
- თირეოიდიტი - ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. ჰიპოთირეოზის მიზეზი ხშირად ავტოიმუნური თირეოიდიტია(ჰაშიმოტოს თირეოიდიტი). ამ დროს იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ავტოანტისხეულები შეცდომით ებრძვის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს და ანადგურებს მათ. რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციისა და აქტივობის დაქვეითებას.
- ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა
- გარკვეული მედიკამენტები
- რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ
ჰიპოთირეოზის სიმპტომები
- სიცივის აუტანლობა/ გაზრდილი მგრძნობელობა დაბალი ტემპერატურის მიმართ
- ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა
- წონაში მატება
- კანის სიმშრალე, თმის ცვენა
- ყაბზობა (შეკრულობა)
- გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესია, ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება
- ხმის დაბოხება, შენელებული მეტყველება
- სახსრების და კუნთების ტკივილი
- არარეგულარული მენსტრუაცია - ხშირი და ძლიერი სისხლდენები ან მენსტრუაციული ციკლის არ არსებობა (შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი)
- სითხის შეკავება - შეშუპება სახის, მტევნების და კოჭის არეში
- არასრულფასოვანი ძილი, ძილის აპნოე
- გულისცემის სიხშირის დაქვეითება
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი
ზოგჯერ ჰიპოთირეოზი მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, რასაც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი ეწოდება.
როგორ ხდება ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა?
ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური, ანამნეზური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემების საფუძველზე. თავდაპირველად ექიმის მიერ ხდება პაციენტის გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება (ჩივილები, დაავადების ისტორია, გენეტიკური წინასწარგანწყობა, რისკ-ფაქტორები და ა.შ) და ფიზიკალური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად ასევე ტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები:
- თიროიდული ჰორმონების განსაზღვრა (T4, T3)
- თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა (TSH)
- ანტისხეულების ტესტი (anti-TG, anti-TPO)
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, სცინტიგრაფია და ა.შ.
®