„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ მისთვის შესაფერის გუნდში მოხვდა - სწორ დროს და სწორ ადგილას.
პორტუგალიელი ძალიან ბედნიერია, რომ ინგლისურ კლუბში მუშაობის შანსი მიეცა:
„კლუბებთან მოლაპარაკებები მანამდეც მქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ადგილია. ძალიან რთული იყო „სპორტინგის“ დატოვება შუა სეზონში, მაგრამ იმ მომენტში ერთადერთი იმის თქმა შეგიძლია, რომ „მანჩესტერი“ არის კლუბი, სადაც მუშაობა გსურს.
ვფიქრობ, „იუნაიტედი“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია, სადაც სწორ მომენტში მოვხვდი. რთული იყო, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ინტერვიუებიდანაც ჩანს, რომ ბედნიერი ვარ.
ზოგადად მეოცნებე ვარ და მჯერა საკუთარი თავის, ისევე, როგორც კლუბის. ერთი და იგივე იდეები გვაქვს, ფეხბურთელების ძალიან მჯერა. შეგვიძლია თამაში გავაუმჯობესოთ და მინდა, ახალი რამ ვცადო, მჯერა, ეს შესაძლებელია. გუნდმა თამაშის ხარისხს ყველა რგოლსა და ასპექტში უნდა მოუმატოს“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმმა ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა და მისი დებიუტი 24 ნოემბერს, „იფსვიჩის“ წინააღმდეგ საგარეო შეხვედრაში შედგება.