საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ჰელსინკიში, ფინეთის ნაკრები 90:83 დაამარცხა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ოთხგუნდიანი ჯგუფია, საიდანაც სამი საუკეთესო გადის ევრობასკეტზე, მაგრამ ფინეთი მასპინძელია და ფორმალურად მონაწილეობს შესარჩევში, მას ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული აქვს, შესაბამისად, სამი გუნდიდან ორი გუნდი გავა ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველოს აქამდე ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ, ამიტომ, ახლა აუცილებლად მოსაგები ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მიაღწიეს. თამაშის სტარტი რთული გამოვიდა, ფინელები ლიდერობდნენ და პირველი პერიოდი 25:20 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა, მეორე პერიოდი ფრედ დასრულდა და დიდ შესვენებაზე ფინელთა უპირატესობა 5 ქულა იყო.
სამაგიეროდ, მესამე პერიოდიდან თორნიკე შენგელია ათამაშდა, რომელიც გუნდს დღეს დილით შეუერთდა, რაც ცალკე აღნიშვნის და დაფასების ღირსია. ბოლო მეოთხედის წინ მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ ქულა იყო: 63:62.
მეოთხე პერიოდის საწყისი 5 წუთი შენგელიას ბენეფისი იყო, რომელმაც ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო, სულ ამ პერიოდში 14 ქულა დააგროვა, სადაც ბექა ბურჯანაძის და კახა ჯინჭარაძის 2-2 ქულა დაემატა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჯიკიჩის გუნდი 80:68 დაწინაურდა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, ფინეთი არ დანებდა, საქართველოს შეტევაში გაუჭირდა, თითქმის 4 წუთი ქულა ვერ ჩააგდო და მეტოქე 2 ქულაში მიუახლოვდა (78:80). მიუხედავად ამისა, ბოლოს სტუმრებმა მაინც მოახერხეს თამაშის გარდატეხა, რაც დიდწილად კამარ ბოლდუინის დამსახურებაა, რომელმაც საკვანძო მომენტში ჩააგდო სამქულიანი, მერე იყო ბურჯანაძის და გიორგი შერმადინის ზუსტი ჯარიმებიც და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 90:83 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებში თორნიკე შენგელია 34 წუთში 24 ქულით, 6 მოხსნით, 5 პასით და 1 დაფარებით გამოირჩა. კაპიტანმა 7-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ, 6-დან 4 სამქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო იყო ზუსტი.
შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა კამარ ბოლდუინს, რომელმაც 37 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბოლდუინმა 14-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგი შერმადინმა 10 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, დუდა სანაძემ 9 ქულა, ბურჯანაძემ 7 ქულა მიითვალა, რატი ანდრონიკაშვილის და კახა ჯინჭარაძის აქტივში 6-6 ქულა იყო, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ გუნდს 5 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ვიცნ ითამაშა, ქულა ყველამ დააგროვა.
ფინეთის ნაკრებში 22 ქულით ოლივე ნკამუა გამოირჩა, 15 ქულა ჰქონდა სასუ სალინს, ხოლო ელიას ვალტონენის ანგარიშზე 14 ქულაა. გამორჩეული იყო ალექსანდერ მადსენიც, რომელმაც 8 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
ჯგუფში სერბეთი ლიდერობს 3 მოგებით, დანიას, საქართველოს და ფინეთს თითო მოგება და 2-2 წაგება აქვთ, ფინეთი გასულია ევროპის ჩემპიონატზე, შესაბამისად, საქართველოს კონკურენტი დანიაა. კარგი ისაა, რომ ჯიკიჩის გუნდი ორივე კონკურენტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ფინეთთან 24 ნოემბერს გამართავს.
ფინეთი - საქართველო 83:90 (25:20, 23:23, 15:19, 20:28)