„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ისევ გაურკვეველია. ახალ კონტრაქტზე მხარეები ჯერ შეთანხმებას ვერ აღწევენ.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, თუ კონტრაქტის განახლებაზე სეზონის ბოლომდე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შეიძლება „ნაპოლიმ“ ზაფხულში მის გაყიდვაზე დაიწყოს მუშაობა, რადგან კონტრაქტის ბოლომდე ორი წელი იქნება დარჩენილი.
„აძურის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურთ ფეხბურთელის კონტრაქტის განახლება და ხელფასის გაუმჯობესება, მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.
„ნაპოლი“ კვარას სეზონში 6 მილიონს სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელი 8 მილიონს ითხოვს, მაგრამ ამაზე მეტად გამოსასყიდ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს. კვარას გარემოცვა ითხოვს, რომ ის ახალ კონტრაქტში ჩაიდოს და მისი მაქსიმალური ფასი 80 მილიონით განისაზღვროს, ეს კი, „ნაპოლისთვის“ მიუღებელია, რომლებიც ქართველს მინიმუმ 100-120 მილიონ ევროდ აფასებენ.
პარალელურად, ცნობილია, რომ „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებული არიან ქართველი ფეხბურთელით და შეიძლება ზაფხულში იტალიურ კლუბს შეთავაზებაც გაუკეთონ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად წელიწადში 1.5 მილიონი ევროს ხელფასით გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ქართველმა შემტევმა 2022 წლიდან დღემდე „ნაპოლიში“ ჩატარებულ 102 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.