ფეხბურთი

15:18 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარადონას გაუთანაბრდა, ბრაზილიამ ისევ ვერ მოიგო (+VIDEO)

მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ეტაპზე სამხრეთ ამერიკაში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა.

არგენტინის ნაკრებმა პერუ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომელმაც ძალიან ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლაუტაროს 32-ე გოლი ეროვნულ ნაკრებში, რითაც დიეგო მარადონას შედეგი გაიმეორა. დიეგოს 32 სანაკრებო გოლისთვის 91 მატჩი დასჭირდა, ლაუტაროს - 70.

არგენტინის ნაკრები 25 ქულით პირველ ადგილზეა და მუნდიალის საგზური პრაქტიკულად მოპოვებული აქვს, ხოლო პერუ 7 ქულით ბოლოა და ძალიან გაუჭირდება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა.

კვლავ ვერ მოიგო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელიც შინ ურუგვაისთან ფრეს დასჯერდა. მეორე ტაიმის სტარტზე ფედერიკო ვალვერდემ გახსნა ანგარიში, რასაც მალევე უპასუხა ჟერსონმა და მერე არაფერი შეცვლილა.

ურუგვაი 20 ქულით მეორეა, ბრაზილიას 18 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა კოლუმბია, რომელიც შინ ეკვადორთან ვერაფერს გახდა (0:1). ახლა ორივე ნაკრებს 19-19 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

კიდევ ორი მატჩი იყო: ბოლივია და პარაგვაი დაზავდნენ (2:2), ხოლო ჩილეს ნაკრებმა შინ ვენესუელას 4:2 აჯობა.

0.116938