ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, მაგრამ წინ პლეი-ოფია, რომელიც 2025 წლის მარტში გაიმართება.
ეს პლეი-ოფი ცხადია მუნდიალზე გასასვლელი არ არის, არამედ მომდევნო ერთა ლიგის სეზონში ადგილის განაწილებასთანაა დაკავშირებული.
კერძოდ, ყველა ლიგაში იქნება პლეი-ოფები ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით. საქართველოს ნაკრებსაც ელოდება პლეი-ოფის ორი მატჩი.
ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონის პირველ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რის გამოც დივიზიონში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს, რომ C დივიზიონში არ გავარდეს. შესაბამისად, თამაში მოუწევს C დივიზიონის ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნებიდან ერთ-ერთთან.
საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მატჩებს 20 და 23 მარტს ჩაატარებს, ჯერ სტუმრად, მერე - შინ. სავარაუდო მეტოქეები არიან სომხეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და დიდი ალბათობით, კოსოვო.
საქმე ისაა, რომ რუმინეთი-კოსოვოს მატჩი 90-ე წუთზე 0:0-ზე შეწყდა, შედეგად, ჯერ მატჩი არ დასრულებულა და უეფასაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ დროისთვის, 5 ტურის მერე რუმინეთს 13 ქულა აქვს, კოსოვოს - 10. თუმცა, თუ უეფა რუმინეთს ტექნიკურ წაგებას არ ჩაუთვლის, მეტოქე კოსოვო იქნება, რადგან რუმინელებს პირველი მატჩი სტუმრად 3:0 აქვთ მოგებული.
ასე რომ, მეტოქე სლოვაკეთს, კოსოვოს, ბულგარეთს და სომხეთს შორის უნდა ვეძებოთ.
აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს სანიოლის გუნდი ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდება, რადგან ჩეხეთთან ყვითელი ბარათები მიიღეს და დისკვალიფიკაციის გამო პირველ თამაშს გამოტოვებენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია.
ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქეც გაირკვევა.