ფეხბურთი

3:09 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან ჰაშეკი: "საქართველოში წაგების მერე კრიტიკა დამსახურებული იყო, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ"

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ (2:1) პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჩეხი სპეციალისტი უმეტესწილად თავის გუნდზე საუბრით შემოიფარგლა და ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

„ვფიქრობ, სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ, ბიჭები ერთმანეთისთვის თამაშობდნენ და ამან შედეგი გამოიღო. ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს მატჩი მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. მადლობა ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის.

როცა პირველ ტურში ოთხი გოლი გავუშვით, ცხადი იყო, რომ არავინ შეგვაქებდა, მაშინ კარგად ვერ ვითამაშეთ, ეს ყველამ ნახა. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ბევრი ექსპერტი გამოჩნდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და სრულიად ნორმალურია. ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება, კრიტიკა გადავყლაპეთ და მივიღეთ. ბიჭები ყველაფერს აკეთებენ და ეს ყველაფერი დაუბრუნდათ.

ეს არის ერთგვარი შუალედური ეტაპი იქამდე, რისი მიღწევაც გვქონდა. პირველი მიზანი იყო ამ ჯგუფის მოგება, ამას მივაღწიეთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამოცანა მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული, რადგან მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში მუშაობის შანსი მომეცა. ადვილი არ არის ყველა ფეხბურთელის სწრაფად გაცნობა, როგორ შეგიძლია დაეყრდნო მათ, რა წარმოდგენა გქონდეს მათზე. გავედით ევროპის ჩემპიონატზე, მოვიგეთ ერთა ლიგის ჯგუფი და მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა, ამაში არაფერი იცვლება.

ტომაშ სოუჩეკის ტიპის ფეხბურთელი ჩეხეთში არ არსებობს, ამიტომ მისი შეცვლა რთულია. თუმცა, ვფიქრობ, ალექს კრალმა ის ძალიან კარგად შეცვალა. ჩვენ ვუყურებთ ესპანეთის ჩემპიონატში ყველა მის მატჩს, საქართველოსთან ძალიან კარგად ითამაშა და ძალიან მიხარია ეს, რადგან მანამდე ბევრი დრო ვერ ეძლეოდა.

ვიცით, რომ პროვოდი ჯერ ბოლომდე მზად არ არის. ჰლოჟეკი მზად იყო ძირითადში სათამაშოდ, მან წინა მატჩებშიც კარგად ითამაშა, როცა შეცვლაზე შევიდა. ის მხოლოდ 22 წლისაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგად ითამაშა, ის მომავლის მოთამაშეა.

იემელკამ შესანიშნავად ითამაშა, ის არის ფეხბურთელი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ცენტრში, ისე მარცხენა მცველად. სრულყოფილი ფეხბურთელია, შესანიშნავი ხასიათით და ასეთ ბიჭთან მუშაობა სასიამოვნოა.

კვარაცხელიას მივედი და მივესალმე, მან მოგვილოცა შედეგი, ხოლო დავითაშვილს ფრანგულად ვესაუბრე, მასაც მივესალმე, საფრანგეთში, „სენტ ეტიენში“ მოკითხვა დავაბარე და გადასცემს, მეტი არაფერი (ჰაშეკი 2006-2007 წლებში „სენტ ეტიენის“ მწვრთნელი იყო - რედ).

ჩვენ ხშირად ვცვლით ბევრ ფეხბურთელს ვცვლით თამაშიდან თამაშამდე, რამაც შედეგი გამოიღო და როტაცია ჩვენი გუნდისთვის პრობლემა არაა“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა ალბანეთს. სანიოლის გუნდი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს B დივიზიონში დასარჩენად C დივიზიონის ერთ-ერთ მეორედგილოსანთან. ეს წილისყრით 22 ნოემბერს გაირკვევა, ხოლო სავარაუდო მეტოქეებია სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.

ჯგუფი 11 ქულით ჩეხეთის ნაკრებმა მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა, მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A დივიზიონის პლეი-ოფში ამავე დივიზიონის ერთ-ერთ მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ალბანეთი 7 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და C დივიზიონში დაქვეითდა.

0.109018