ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ ისაუბრა.
როგორც ხორვატმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ მისი გუნდი უფრო ძლიერია, თუმცა, ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ სურდა:
„რა თქმა უნდა, რთულია, ასეთი დრამის შემდეგ ანალიზის გაკეთება. თუმცა, რაც დავინახეთ, ისაა, რომ ჩვენ ვიყავით ის გუნდი, რომელიც ქმნიდა მომენტებს. მეორე მხრივ, საქართველო ელოდა ნახევრადკონტრშეტევას, ორი დარტყმა ჰქონდათ კარში და ორივე გოლი გაიტანეს. უფრო მეტად მეორე გოლი იყო მტკივნეული, ძალიან ადვილად გავუშვით. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს თაობა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, მაგრამ ამ ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მათ შესანიშნავად იმუშავეს. ვიზრდებოდით თამაშიდან თამაშამდე და სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.
ქართველთა მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი უკეთესები იყვნენ? ყველას თავისი ხედვა და საკუთარი აზრი აქვს. ვფიქრობ, სტატისტიკას უნდა გადავხედოთ, რომელიც არ იტყუება.
სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მალევე გავუშვით. ბოლოს ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა, რომელიც ლატარეაა, ძნელია ამ მომენტზე საუბარი. დამატებით დროში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთს კარში შესვლა არ სურდა და საბოლოოდ იყო პენალტები, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.
საქართველო სოლიდური და კომპაქტური გუნდია, ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს“, - თქვა ოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2023 წელსაც იასპარეზა, ოღონდ მასპინძლის რანგში, სადაც ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გარემოცვაში პირველი ადგილიც დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება.