საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველომ დამსახურებულად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, ხოლო ხორვატიას მომავალში წარმატებები უსურვა.
„ყველას ვულოცავ, იმიტომ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პირველად შეძლო, რაც პატარა ამბავი არაა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის ახალი ასპარეზი იშლება, მოტივაციას და რწმენას აძლევს განსაკუთრებით იმ ბავშვებს, რომლებიც საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში თამაშობენ.
ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, ფეხბურთელებს, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყვნენ, მაგრამ მოიაზრებიან შემადგენლობაში. ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მომენტები იყო დღეს თამაშში, რაც გუნდმა გადალახა: არაფრისგან მიღებული სწრაფი გოლი, შემდეგ ჩვენივე ნებით დათმობილი უპირატესობა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ არა ჩვენზე, რადგან ძალიან კარგად ვიცი, თუ რა სულისკვეთებაა ამ გუნდში, მჯერა და მწამს ჩემი ფეხბურთელების. მათ რეალურად შეუძლებელი შეძლეს, იმიტომ, რომ ჩემზე კარგად არავინ იცის, რა დონის სირთულეებთან გვიწევდა გამკლავება მთელი შესარჩევის, ასევე პლეი-ოფის განმავლობაში.
პატრიოტიზმა, რომელიც ჩვენში ძალიან სჭარბობს, შედეგი გამოიღო და ლოგიკურად დავასრულეთ. არ არის შემთხვევითი, რომ ზუსტად პენალტებში მოვიგეთ, რადგან გვქონდა ამის გამოცდილება. ზოგადად, ესაა ახალგაზრდული ნაკრების სპეციფიკა, ვიზრდებით თამაშიდან თამაშამდე, წინ კი, ევროპის ჩემპიონატი გველის და გილოცავთ.
ასევე, ვულოცავ 19-წლამდელთა ნაკრებს. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ეროვნული ნაკრებია და იმიტომ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, რომ ბოლოს ეროვნულ ნაკრებს გამოვადგეთ, ჩვენ ყველა, ფეხბურთელებიც და ფედერაციის თანამშრომლებიც. ეს ყველაფერი რწმენას და მოტივაციას ამაღლებს ფეხბურთელებში, მომავალ თაობებში. მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებას ვიძენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბევრ ფეხბურთელს არ აქვს, განსაკუთრებით, ვინც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.
მენტალური პრობლემები, განსაკუთრებით, ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო წლებში არ არსებობს. თუმცა, მეტოქემ ფიზიკურად გვაჯობა, ხორვატები ამაში გამორჩეულები არიან, ორთაბრძოლებში გვაჯობეს და მესამე გოლიც ამის ხარჯზე გაგვიტანეს. დაცვის ხაზში ნებისმიერი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან რთული იყო აქ თამაში. ბევრი ცვლილება გვქონდა ამ რგოლში, სხვადასხვა წყვილს უწევდა თამაში. აუცილებლად მინდა გამოვყო ლაცაბიძე, რომელმაც ამ ორ მატჩში პირველად ითამაშა.
როდესაც ხორვატია დაწინაურდა, ჩვენ გვქონდა შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა მთლიანად ხორვატ ერს და მათ დიდი წარმატება ვუსურვო მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2023 წელსაც იასპარეზა, ოღონდ მასპინძლის რანგში, სადაც ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გარემოცვაში პირველი ადგილიც დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეოთხედფინალში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რიეკადან