უკრაინის ნაკრების წარმომადგენლებმა ალბანეთთან ერთა ლიგის B ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უარი თქვეს ჟურნალისტების კითხვების რუსულად თარგმნაზე. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი «ВЗБІРНА» იტყობინება.
წყაროს ცნობით, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაქირავებული თარჯიმანი მედიის წარმომადგენლების კითხვების რუსულად თარგმნას აპირებდა. ამას უკრაინელებმა კატეგორიული უარით უპასუხეს. შემდეგ კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე ხდებოდა. პრესკონფერენციის შემდეგ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორგანიზაციამ რუსულად თარგმნის ვარიანტი საუკეთესო გამოსავლად განიხილა, რადგან „ის უკრაინულის მსგავსია“.
უკრაინისა და ალბანეთის მატჩი დღეს, 19 ნოემბერს გაიმართება ტირანაში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება ჯგუფის მეორე შეხვედრაც. ოლომოუცში ერთმანეთს ჩეხეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.