ფეხბურთი

1:18 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს"

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ჩეხეთში მოსაგებად არიან და მოედანზე მაქსიმუმისთვის გავლენ.

"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ხვალ განსხვავებული მატჩი გველის. პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მეტოქეს საშინაო კედლები დაეხმარება, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები.

მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ახალგაზრდულ ნაკრებს. ვიმედოვნებ, ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ. კარგი კავშირია ფეხბურთელებს და გულშემატკივარს შორის, რაც ორმაგ სტიმულს გვაძლევს. ვიმედოვნებ, რომ ასე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება", - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

0.11294