ფეხბურთი

19:27 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ფეხბურთელი: "ყველაფერს ვიზამთ, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველო დავამარცხოთ"

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ტომაშ ჰოლეშმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მიზანი საქართველოს დამარცხებაა, რადგან წინა ორ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწიეს:

„არ მახსოვს თამაში, რომელშიც სოუჩეკს არ ეთამაშოს, შესაბამისად, დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ჩვენთვის თბილისში წაგება დიდი დარტყმა იყო, რა თქმა უნდა გვახსოვს და არ დაგვავიწყებდა. უნდა მოვიკრიბოთ ძალები და უკეთ ვითამაშოთ. ვიცით, რომ საქართველოს ძლიერი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს და მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რა თქმა უნდა, ჩემთვის კაპიტნობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. კაპიტანს მატჩამდე ყოველთვის აქვს ბოლო სიტყვა, ამ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ სოუჩეკიც ჩვენთან ერთადაა და ბევრი არაფერი შეიცვლება ამ მხრივ. საქართველოსთან ერთხელ წავაგეთ, ერთხელ ფრე ვითამაშეთ, ამიტომ, ყველაფერს ვიზამთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოლოს და ბოლოს, დავამარცხოთ.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ძლიერია. ახლა არ ვიტყვი, როგორი გეგმით ვაპირებთ მის წინააღმდეგ თამაშს, მაგრამ შესწავლილი გვყავს და ამის მიხედვით ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, სტანდარტებზე ვმუშაობთ, ეს გოლის გასატანად კარგი იარაღია და როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ახლაც გამოვიყენებთ სტანდარტებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ“, - თქვა ჰოლეშმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113659