პირველი ლიგის მე-7 ტურში მოწინავე სამეულმა წარმატებით იასპარეზა და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ ‘წიქარამ’ ვერ მოახერხა. 34 ქულით დამაჯერებელ ლიდერობას ‘გორი’ აგრძელებს, რომელიც მეორე ადგილზე დამკვიდრებულ ‘ვეფხვებს’ 7 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციაზე მყოფი ‘წიქარა’ გარე კახელებს 1 ქულით ჩამორჩა. მიჯრით სამმა მოგებამ ‘რუსთავი’ 19 ქულით მოწინავე კვარტეტში განათავსა.
‘მათემ’ 17 ქულით მე-5 ადგილზე ჩაინაცვლა და პლეი ოფის ზონაში მყოფ ‘ლოკომოტივს’ 2 ქულით უსწრებს. ‘დინოზავრმა’ 13 ქულას მოუყარა თავი, მე-7 ადგილზე აღზევდა და „რკინიგზელებთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, ხოლო ‘არწივებს’ ასევე 2 ქულით გაუსწრო. ‘ფოთი’ 9 ქულით პლეი აუტის ზონაში, მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა. აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ კი პირველობას კვლავაც საცხრილო ქულის გარეშე აგრძელებს.
ლიდერმა ‘გორმა’ მე-7 ტურის შეხვედრა მშობლიურ ჭალის დასახლებაში მდებარე არენაზე ოზურგეთის ‘არწივების’ წინააღმდეგ ჩაატარა. გურულებმა ფავორიტ მასპინძელს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს. გორელთა ფიჯელი შუამარბის აპიმელეკე ნამბოლენგას დადებული ლელო, სტუმრებმა მხტომელი ნიკა ნაჭყებიას გარდასახული ლელოთი გაქვითეს. ‘არწივების’ ფულბეკმა უჩა შარვაშიძემ გარდასახვასთან ერთად, 1 ჯარიმაც გაიტანა, რამაც გურულებს ტაიმი 3 ქულით მოაგებინა.
მეორე ნახევარში ‘გორმა’ სათამაშო დისციპლინა აამაღლა, ტემპს უმატა, მეტოქე 2 გატანილ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი 6 უპასუხო ლელო მიითვალა. ნამბოლენგამ და მისმა თანამემამულე ფულბეკმა რაფაელე ტუნილაუმ „დუბლი“ შეასრულეს. ‘გორმა’ შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო - 41:16.
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ საშინაო შეხვედრა ვაზისუბნის სარაგბო არენაზე ჩაატარა და ჭიათურის ‘მათეს’ უმასპინძლა. მატჩი უხვქულიანი და კარგი საცქერი გამოდგა. ‘პატარძეული’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და ზემო იმერლებს როგორც დინამიკაში, სტატიკაშიც აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მხრიდან ლელოს გატანა 13-მა მორაგბემ მოახერხა. გარე კახელთა აქტივში მეტოქეზე 5-ით მეტი, 9 გატანილი ლელოა. ‘ვეფხვების’ წარმატებას სათავე მარბიელ ნიკა გოგლიძის ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული კიდევ ერთი მარბიელის ავთო ნიკოლაძის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ვეფხვებმა’ შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო - 57:28.
გამარჯვებათა იშტაზე მოსული ‘რუსთავი’ „პარკი არენაზე“ ‘ფოთს’ ესტუმრა. მატჩის სანახაობრივი მხარე კოკისპირულმა წვიმამ დააკნინა. მართალია, მეტოქეებმა თავი არ დაზოგეს, თუმცა სველმა და დამძიმებულმა მოედნის გრუნტმა გუნდებს უამრავი შეცდომა დააშვებინა. ‘რუსთავი’ მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელოთი დაწინაურდა, რასაც ვეტერანი ბორჯღალოსანის რამაზ ხარაზიშვილის გატანილი ჯარიმა მოჰყვა. ტაიმის ბოლო წუთზე მგეზავ დურმიშხან ჯაბნიძის გატანილი ჯარიმით კოლხებმა პირველი სამატჩი ქულები აიღეს და პირველი ნახევარი 7 ქულის სხვაობით დათმეს.
დაძაბული ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, სადაც ქვემო ქართლელებმა მარქაფადან ჩართული ფულბეკის ნავიტალაი ტუილავას გარდასახული ლელოთი ანგარიშში სხვაობა 14 ქულამდე გაზარდეს და დაცვაში საიმედო გარჯით აღნიშნული სხვაობა მსაჯის საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს. ‘რუსთავმა’ მატჩი 17:3 მოიგო.
„აია არენაზე“, წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ უქულოდ მყოფ აუტსაიდერ ‘აკადემია-ლაშარს’ უმასპინძლა და 29 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. იმერლებმა მთლიანობაში 7 უპასუხო ლელო გაიტანეს. ‘დინოზავრის’ წარმატებას სათავე მარბიელ ბადრი დანგაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული მღლეტელის ჯაბა ჩეჩელაშვილის ლელომ დაუსვა. დანგაძემ შემდგომში „დუბლი“ შეასრულა. მასპინძელთა მგეზავმა კაპიტანმა დავით გობეჯიშვილმა 4 გარდასახვა გამოიყენა და ეფექტური დარტყმით არეკნიც გაიტანა. ‘დინოზავრმა’ მატჩი დაგეგმილი ბონუს-ქულითა და „მშრალი“ ანგარიშით მოიგო - 46:0.
‘ლოკომოტივი’-‘წიქარას’ ტურის დასკვნითი შეხვედრა ყველაზე დაძაბული და დრამატული გამოდგა. დედაქალაქური დერბი ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა, სადაც კარგა ხნის განმავლობაში ანგარიშში ლიდერობას მასპინძლები ფლობდნენ. „რკინიგზელთა“ კვაჭმა ვაჟა რუაძემ „დუბლი“ გაიფორმა. მასპინძელთა ფრთა თორნიკე ფანჩვიძემ კი ორივე გარდასახვა გამოიყენა და მონაგარს 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო.
‘ლოკომოტივი’ ბოლო წუთამდე 5 ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. მართალია, ‘წიქარას’ იმ მომენტისთვის მეტოქეზე 1-ით მეტი, 3 ლელო ჰქონდა გატანილი (კვაჭი შალვა კეთილაძე - „დუბლი“), თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა სტუმარი გუნდი მდევრის როლში დატოვა. ‘წიქარა’ ბოლომდე იბრძოდა და მღლეტელ ცისკარა ბერიაშვილის დადებული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჰავბეკ ნიკოლოზ გაბიდაურის ხელსაყრელი პოზიციიდან შესრულებულმა ზუსტმა გარდასახვამ ბექა სხულუხიას ბიჭებს დრამატული შეხვედრა 22:20 მოაგებინა.
RUGBY.GE