რაგბი

20:20 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

18 წ. | სასარგებლო რეპეტიცია გერმანიასთან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, გერმანიას 11 უპასუხო ლელო გაუტანეს და მშრალი ანგარიშით, 67:0 დაამარცხეს.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ტურნირის 1/4-ფინალში საქართველო სრულად დომინირებდა. ევროპის 5-გზის ჩემპიონი მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და გამარჯვებასთან ერთად, კარგი გახურებაც გამოუვიდა. სასიამოვნოა, რომ გერმანელებმა რამდენჯერმე სცადეს ხელდახელ შეტევა, ფაზებიც აკინძეს და ქართველ მორაგბეებს დაცვაში სრული მობილიზებით მოუწიათ თამაში, რაც უფრო მნიშვნელოვანი თამაშების წინ კარგი გამოწვევაა.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. საქართველომ მეტოქის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი ბოლომდე ჩაათამაშა და ლეონიდე სალდაძეს შემჩერებელი აღარავინ დარჩა. ორ წუთში მძლავრმა მოლმა 7-8 მეტრი დაფარა და 5 ქულა ანრი შველიძემ მიითვალა. მომდევნო ორი მოლი გიორგი ზაზაძისა და ნიკოლოზ ჩხორთოლიას ლელოებით დასრულდა, ხოლო 21-ე წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ხელდახელ საუცხოოდ ითამაშეს, შეტევაში თითქმის მთელი გუნდი მონაწილეობდა, ლელო კი ნიკოლოზ ხალვაშის ოფლოუდის შემდეგ სალდაძემ მიითვალა.

თამაში რომ განახლდა მიხეილ შიოშვილმა გაინავარდა და სოლო-რეიდი ცენტრში გატანილი ლელოთი დაასრულა, რასაც პირველი ზუსტი გარდასახვა მოყვა, 26-ე წუთზე კი მოლს შველიძე მოწყდა და დუბლი შეასრულა. ბოლო ორი გარდასახვა ზუსტი იყო. თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, შიოშვილის სინბინის გამო 10 წუთით კაცნაკლულიც დავრჩით, მაგრამ თავი დავიცავით და ტაიმი 39:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება სცადეს, მაგრამ გაუვალ დაცვას წააწყდნენ. საპასუხოდ ნიკოლოზ კოროხაშვილმა ითამაშა საუცხოოდ, ცენტრთან ხაზი გაჭრა და ჩვენი გუნდი მეტოქის 22-ში დააბრუნა. ამას კარგი შეტევა და ივა კვირიაშვილის მიერ ალამთან გატანილი ლელო მოყვა. 50-ე წუთზე საქართველომ კიდევ ერთხელ გამოიყენა მოლში უპირატესობა და დავით არჩვაძემ თავისი წილი ლელო გაიტანა.

დასკვნით 15 წუთში უმცროსი ბორჯღალოსნები აბურთავდნენ. ხაზი ჯერ დემეტრე დევდარიანმა, მერე სალდაძემ გაჭრა და 59-ე წუთზე, გიგი სირბილაძის გრძელი გადაცემის შემდეგ კვირიაშვილმა ალამთან დუბლი შეასრულა. შეხვედრის ბოლო ლელო მოლის შემდეგ გიორგი არძენაძემ გაიტანა, სირბილაძემ მეორე ტაიმში ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველომ 67:0 გაიმარჯვა.

19 ნოემბერს, თასის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს შეხვდებიან, რომელმაც რუმინეთი 28:12 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ესპანეთი ჩეხეთს ეთამაშება. ესპანელებმა ბელგიას 1/4-ფინალში 34:0 მოუგეს, მასპინძელმა ჩეხეთმა კი შარშანდელ ფინალისტ პორტუგალიას სენსაციურად, 14:10 სძლია.

2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი

16 ნოემბერი. 1/4-ფინალი.

საქართველო - გერმანია 67:0 (39:0)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. დავით ბარბაქაძე (არმია); 24. ლუკა ნარსია (აია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

RUGBY.GE

0.115529