ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა ალბანეთთან მატჩის (0:0) შემდეგ საქართველოს ნაკრებზე და დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა, რის გამოც ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
„სტუმრად მოვიპოვეთ ქულა, სტადიონზე, სადაც თამაში რთულია, გოლიც არ გავუშვით, ასე რომ პოზიტივიც არსებობს. საქართველოში წაგების შემდეგ, რაზეც დღემდე ვსაუბრობთ, ოთხი კარგი თამაში ჩავატარეთ - ორი მოვიგეთ, ორი ფრედ დავასრულეთ. რაც მთავარია, კარგი სერია გვაქვს.
ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოსთან მატჩში მოედანზე არ ვიქნები, მიზანი ჯგუფის მოგებაა და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები მოედნის გარედან, გამოცდილებას გავუზიარებ. არ ველოდი, რომ მსაჯი პირველივე ჯარიმაზე ყვითელ ბარათს მომცემდა, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია. მჯერა, რომ ბიჭებს შეუძლიათ ამ ჯგუფის მოგება“, - თქვა „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა.
სოუჩეკმა ალბანეთთან კაპიტნის რანგში მე-40 თამაში ჩაატარა ჩეხეთის ნაკრებში, რითაც პაველ ნედვედს გაუთანაბრდა: „ეს მშვენიერი გრძნობაა. ვფიქრობ, პაველ ნედვედი საუკეთესო კაპიტანი იყო მის ეპოქაში და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩეხეთის ისტორიაში. მჯერა, რომ გავაგრძელებ ბიჭების და გუნდის დახმარებას, მიხარია, რომ მათი კაპიტანი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.
ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.